საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. 61-ე კონფერენციის ფარგლებში, რომელიც გუშინ, 14 თებერვალს გაიხსნა, სალომე ზურაბიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან უმაღლესი დონის შეხვედრებისას ევროპელ ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქართულ მედიაში შექმნილი მდგომარეობა გააცნო, დაკავებული, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებ ესაუბრა და ის წერილი გადასცა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა თბილისში, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოამზადეს. ქართული მედიის 17 წარმომადგენლის წერილი, რომელიც ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ტელევიზიებში, რეგიონულ მედიასა და ონლაინმედიაში შექმნილ მდგომარეობას ასახავდა, პრეზიდენტმა გადასცა: ესტონეთის პრეზიდენტს, ალან კარის, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, ჯო უილსონს.
„ჩვენი მთავარი გზავნილი მივიტანე ყველა პარტნიორთან: დღეს საქართველო არის ადგილი, სადაც არჩევნებსა და მის დემოკრატიულ წყობაში, რუსეთის მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციით, ჰიბრიდული ჩარევის ექსპერიმენტი მიმდინარეობს.
ჩვენც ვამზადებთ არჩევნებს, ეს არჩევნები უთუოდ დაინიშნება! და როცა დაინიშნება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენს პარტიორებთან ერთად, ტექნოლოგიურად დავიცვათ არჩევნები.
პარტნიორებს გადავეცი გზავნილები ჩვენი პატიმრების შესახებ - მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც დღეს კიდევ შიმშილობს და რომელიც ყველასთვის ძალიან დიდი გამძლეობის მაგალითია.
ყველას - ჩვენს პარტნიორებსაც და საერთაშორისო მედიასაც გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების გზავნილები და ის წერილი, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მეტი ყურადღება და მეტი დახმარება გამოიჩინონ დღეს ძალიან რთულ პირობებში მყოფი მედიის მიმართ.
ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზანი ისააა, რომ დღეს, როცა მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა - რას გააკეთებს ამერიკა და როგორ მოიქცევიან ევროპელები, არავის დაავიწყდეს საქართველო, რომ ჩვენც როგორც ევროპის, ასევე ამერიკისთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა ვართ და აქაც უნდა გამოიჩინონ ის მხარდაჭერა და გამძლეობა, რომელიც აუცილებელია თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვებისათვის, მომავალი საქართველოსა და ჩვენი პარტნიორებისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრების შესახებ.
უფრო დეტალურად, 15 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი შეხვედრები გამართა:
შეხვდა აშშ-ს დელეგაციას.
შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს.
ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან.
ესაუბრა ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს.
შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს.
მეხუთე პრეზიდენტი ასევე შეხვდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენს.
ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს.
ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს.
ასევე, ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს.
Discussions with President of @edgarsrinkevics on the support of the Georgian people and their unwavering will for new, free and fair elections. Stronger together! #MSC2025 pic.twitter.com/z1rJA6SE0T
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 15, 2025
ზურაბიშვილი შეხვდა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს.
Grateful to see my great friend Legitimate President of Georgia @Zourabichvili_S! Illegitimate Ivanishvili rigged an election in October and is now turning Georgia into a dictatorship. We need immediate sanctions on the regime. Free and fair elections are the only way forward! pic.twitter.com/RkFOkWElHk
— Joe Wilson (@RepJoeWilson) February 15, 2025




























