20 ნოემბრის შემდეგ შაქრის იმპორტიორი კომპანიები ქვეყანაში შაქრის შემოტანისას საიმპორტო ბაჟს იხდიან. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო. დროებით დაწესებული გადასახადი 2024 წლის პირველ ივლისამდე იქნება ძალაში და ტონა შაქარზე იმპორტიორს 400 ლარის გადახდა მოუწევს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზნად ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და ქვეყნის ერთადერთ შაქრის მწარმოებელ კომპანიაში "აგარის შაქარში“ დასაქმებული 500-მდე ადამიანს ასახელებს. მინისტრი იმასაც აცხადებს, რომ საიმპორტო გადასახადის დაწესება პირველადი მოხმარების საქონელს არ გააძვირებს. შაქრის იმპორტიორები კი აცხადებენ, რომ პროდუქციის იმპორტზე დროებითი გადასახადი მომხმარებელს პროდუქციას გაუძვირებს.
მიმდინარე წლის პირველი 10 თვეში ქვეყანაში შაქრის იმპორტი გაიზარდა. საქართველოდან 113 114 ტონა შაქრის შესაძენად 76.7 მლნ დოლარი გავიდა. იმპორტის ღირებულება 28.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობა დაახლოებით 10 000 ტონით, რაც 9%-იან მატებას ნიშნავს. ბოლო 4 წელია ქვეყნისთვის სტაბილურად შაქრის მთავარი საიმპორტო ბაზარი ბრაზილიაა. ამ ქვეყანაზე მთლიანი იმპორტის 48.2%-ი მოდის. ამ მიმართულებიდან შაქრის იმპორტი ღირებულებით მცირედ დაახლოებით 1.3 მლნ დოლარით, შეძენილი საქონლის მოცულობა კი 6 255 ტონით შემცირდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზილიაში შაქარი გაძვირდა.
BM.GE დაინტერესდა რომელ კომპანიებს შემოაქვთ ქვეყანაში ყველაზე მეტი მოცულობით შაქარი და საქსტატიდან შაქრის TOP-5 კომპანიის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 10 თვის განმავლობაში უმსხვილესი იმპორტიორების სია ასეთია:
- სს იბერია რეფრეშმენტსი;
- შპს L-ჯორჯია;
- შპს აგარის შაქრის კომპანია;
- შპს ბუმ გრუპი;
- შპს ექსპორტ +
უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტიორები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.