საქართველოში უკვე ოფიციალურად შეიქმნა და ამოქმედდა "სურსათის ბანკი", რომელიც სურსათის დონაციებს და პროდუქტის მოსახლეობისთვის განაწილებას აორგანიზებს. კონკრეტულად ვის შეუძლია, "სურსათის ბანკს" პროდუქტი ჩააბაროს და ვინ არიან მისი ბენეფიციარები, ამ საკითხებზე BMGDrive-ის ეთერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯუბა მარუაშვილი საუბრობს.
"სურსათის ბანკის" გახსნაზე მუშაობა საქართველოში 2018 წლიდან, FAO-ს ეგიდით, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მიზნის ფარგლებში დაიწყო, დასავლური ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით. ეს ორგანიზებული სისტემაა, რომელიც გულისხმობს შეწირული სურსათის ორგანიზებას და დახლზე განთავსებას. "სურსათის ბანკის" პასუხისმგებლობაა ჩაბარებული პროდუქტის უვნებლობაც.
"ეს თავიდან ბოლომდე, პირველ რიგში, გულისხმობს პრევენციას სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნის თვალსაზრისით და ამის შემადგენელი ნაწილია სურსათის ბანკი. მთავარია, რომ მომხმარებლებმა, რითეილ თუ ჰორეკა სექტორმა მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ ჭარბი სურსათი არ წარმოიქმნას და შემდეგ ეს არ გადაიყაროს. მსოფლიოში (და საქართველოში მოცემულობაც ემთხვევა ამ ნაწილში) წარმოებული სურსათის მესამედი იკარგება ან ნარჩენად იქცევა
ეს პროცესი დავიწყეთ ძალიან დიდი ხნის წინ, 2018 წელს FAO-ს ეგიდით და პირველი ინიციატივა იყო, რომ შეგვესწავლა თვითონ მსოფლიო პრაქტიკები, რა ნაბიჯები იდგმება ამისთვის და რა საჭიროებაა იმისთვის, რომ, ვთქვათ, ჭარბი სურსათი კი არ გადაიყაროს, არამედ დახარისხდეს და ის უფასოდ გადაეცეს ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს", - ამბობს ჯუბა მარუაშვილი.
როგორც FAO-ს წარმომადგენელი BMG-სთან განმარტავს, "სურსათის ბანკში" პროდუქტი მაღაზიებიდან თუ ჰორეკა დაწესებულებებიდან იგზავნება. გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს თავადაც აქვს შესაძლებლობა, ბანკს პროდუქტები შესწიროს, რისთვისაც "ლიბრეს" სუპერმარკეტში უკვე განთავსდა სპეციალური კალათა.
"პროცესი რომ წარმოვიდგინოთ, დახლიდან იხსნება პროდუქცია, რომელზეც შეიძლება შეფუთვა არის დაზიანებული, ან ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში, რაც საკმაოდ მაღალი პროცენტულობით რჩება, შეიძლება არ ჰქონდეს საუკეთესო გარეგნული სავაჭრო სახე და მოიხსნას. როდესაც პროდუქტი გათვალისწინებულია სურსათის ბანკისთვის, ხდება მისი ცალკე დასაწყობება შესაბამის სივრცეში. ეგზავნება შეტყობინება სურსათის ბანკს, რომ პირობითად კვირის ბოლოსთვის ჩვენ გვიგროვდება აი ეს რაოდენობა და სურსათის ბანკი უკვე მოდის და მოაქვს საკუთარ სივრცეში.
თუკი სურსათი საჭიროებს აღდგენას, მაგალითად, დაზიანებული შეფუთვის გადაფუთვას, დასაწყობებას, კატეგორიზაციას - ამ ყველაფერს სურსათის ბანკი აკეთებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი არის უვნებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კეთილი საქმე კეთდება და მრავალმხრივი ეფექტი აქვს, უვნებლობა არის პირველი, რისი გათვალისწინებაც ხდება სურსათის ბანკის მიერ.
ჩვენ თავიდანვე ვიღებდით, სხვათა შორის, უკუკავშირს მომხმარებლის მხრიდან, ჩვენ როგორ შეიძლება შევიტანოთ წვლილი ამ პროცესშიო და, ენკენია-ს ინიციატივით, "ლიბრეს" ქსელში სალაროებთან განთავსდა სურსათის ყუთი. მომხმარებელს უკვე შეუძლია, რომ სურსათის გარკვეული კატეგორია, როდესაც თავისთვის ყიდულობს, სურსათის ყუთისთვისაც შეიძინოს. ეტაპობრივად ეს ყუთები უფრო მეტ ფილიალში განთავსდება", - განმარტა FAO-ს მრჩეველმა.
რაც შეეხებათ "სურსათის ბანკის" ბენეფიციარებს, როგორც მარუაშვილი ამბობს, პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი მოსახლეობაა, თუმცა პროდუქტით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
"მათ გარანტირებულად აქვთ შეჭირვებული მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სპეციალური ბაზები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პრიორიტეტი ენიჭება სოციალურად დაუცველ კატეგორიას და იქ არის შესაბამისი კატეგორიზაცია ქულების მიხედვით და ასე შემდეგ.
გავითვალისწინეთ ის, რომ ბენეფიციარები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყვნენ, ვთქვათ, შეჭირვებული მოსახლეობა, ვისაც ამის საჭიროება აქვს. მაგრამ "სურსათის ბანკიდან" პროდუქციის აღების უფლება აქვს ყველას. მაგრამ ეს მაშინ, როდესაც სურსათი ჭარბად ბარდება. დასავლეთის ქვეყნებში არის ეს პრაქტიკა ჩვეულებრივ, მაგალითად, სტუდენტს შეუძლია აჩვენოს სტუდენტური ბარათი, გაიაროს და აიღოს სურსათი. უბრალოდ, ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ მოსახლეობაზე გვინდა ეს პრიორიტეტი განვსაზღვროთ, ვისაც ამის განსაკუთრებული საჭიროება აქვს", - განმარტა ჯუბა მარუაშვილმა.




























