IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ინვესტორი და ბიზნესმენი მინდია საბანაძე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას დადებითად აფასებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ საქართველო მცირე ბაზარია, სადაც განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია.
ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და არსებულ სირთულეებზე მინდია საბანაძემ BMG TV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„მოგებიანობის კუთხით, ჩვენი მსგავსი ბაზრები გაცილებით მაღალმოგებიანია, ვიდრე ევროპის ბაზარი. იქ სტაბილურობა მეტია და მოგებიანობა - ნაკლები; აქ მოგებიანობა უფრო მეტია და სტაბილურობა - ნაკლები, მდგომარეობიდან და რეგიონიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც უცხოელი ინვესტორი საინვესტიციო გარემოს აფასებს, იმ რისკებს ითვალისწინებს, რომელიც ჩვენს მდებარეობას, გარშემო ომებს ახლავს.
როგორც ახლა ვართ, ეს ყველაფერი ამ სიტუაციაში ცოტა სასწაულსაც ჰგავს, რადგან მაინც სტაბილურობა, სიმშვიდე, ეკონომიკური ზრდაა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-იც იზრდება და მთლიანობაში საინვესტიციო გარემო, ვისაც ჩვენი მსგავსი ქვეყანა აინტერესებს, ძალიან კარგია. საქართველო, მიმზიდველი და სტაბილურია ინვესტორებისთვის - გინდ კანონმდებლობით, გინდ გადასახადების კუთხით; სიმშვიდით და სტაბილური განვითარებით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა“, - ასე აფასებს მინდია საბანაძე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.
ამერიკული, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის პორტფელი საქართველოში საკმაოდ დივერსიფიცირებულია. უძრავი ქონების კომპანიებთან ერთად, რომლებიც "სითი მოლებს" მართავს, განათლების, ენერგეტიკის, დამმუშავებელი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებს ფარავს.
IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძესთან ვრცელი ინტერვიუ BMG tv-ზე, დღეს, 16:05 საათზე, გადაცემა #რედაქტ2-ში გავა.