მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვისი ხმაც მგონია, რომ უნდა ისმოდეს არიან უნივერსიტეტები, განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტები - დიხამინჯია

დიხამინჯია

კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიური კერძო უნივერსიტეტები, ბიზნესი და ტექნოლოგიებში მომუშავე ადამიანები უნდა იყვნენ. ასე უპასუხა მან კითხვას თუ ვინ აძლიერებს საკუთარი დუმილით "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად.

"ვისი ხმაც მგონია, რომ უნდა უნდა ისმოდეს ხმამაღლა და მკაფიოდ უნივერსიტეტები არიან, განსაკუთრებით კერძო უნივერსიტეტები. იმიტომ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ილიას უნივერსიტეტის გარდა, მოახერხა მთავრობამ თავისი ხალხი დაესვა მენეჯმენტში.

ყოველთვის მენეჯმენტიდან იწყება ხოლმე უნივერსიტეტის პროტესტი. ამ შემთხვევაში ილიას უნივერსიტეტი გამონაკლისია. კერძო უნივერსიტეტებშიც მხოლოდ "საქართველოს უნივერსიტეტის" და "თავისუფალი უნივერსიტეტის" ხმა ისმის. დანარჩენი უნივერსიტეტები არიან გაჩუმებულები და რეჟიმი ეყრდნობა სიჩუმეს. მასწავლებლები, რომელთა ხელფასი პირდაპირ არის დამოკიდებული [სახელმწიფოზე] და ძალიან გაუჭირდებათ შემოსავლის სხვა წყაროს პოვნა, ასევე საჯარო მოხელეების საკითხი, გასაგებია. მაგრამ ამის გარდა, არიან კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არ არიან რეჟიმზე დამოკიდებული და რომელთაც აქვთ იმის ფუფუნება, რომ მაგალითად მოგების 10-15% დაკარგონ. ადამიანებსაც ვგულისხმობ ამაში, ჩემნაირ ტექ მრჩევლებს, მენტორებს ან ინვესტორებს, რომელთაც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ჩვენი შემოსავლის თუ პრივილეგიების 10-15% დავკარგოთ და ბოიკოტი გამოვუცხადოთ სახელმწიფოს. ეს ასე შეუძლიათ ამ კერძო უნივერსიტეტებს, ვიცით ხომ მათი შემოსავალი, განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტებით, მაგრამ ამას არ აკეთებენ და ძალიან ინანებენ იმიტომ, რომ ძალიან ცუდი გარემო შეიქმნება სტუდენტებისთვის და ძალიან დიდი შემოსავალი დააკლდებათ შემდეგ წლებში. ასევე ინანებენ იმიტომ, რომ ბევრი ევროპული თანამშრომლობა, რომელიც ვითარდებოდა შეწყდება. ვიცით, რომ მათი სახელმწიფო დაფინანსება ძალიან მცირეა და არაფერში ეხმარებათ.

მეორე, ვის მიმართაც პრეტენზიები მაქვს ბიზნესია. განსაკუთრებით აპრილის მერე საერთოდ ხმა არ გაგვიგია იმ ბიზნესების, რომლებმაც "ფრი ბიზნესზე" ხელი მოაწერეს. თუ უკვე გაბედე, გარისკე და აი ამ რაღაცა დიდ გაერთიანებაში შენი ხმა ისმოდა და ამ არალეგიტიმური მთავრობის მიმართ პროტესტის მონაწილე გამოჩნდი, ბარემ ბოლომდე გაჰყევი ამ ამბავს. მესამე, ვისზეც ასევე ვფიქრობ, რომ არასწორად იქცევენ, ჩემი კოლეგები არიან მათ შორის, ტექ სფეროს ხალხი, რომლებმაც ჩათვალეს, რომ არაუშავს, ახლა თუ იქ რაღაცა ჯიტას დაფინანსებით კეთდება. სწორედ ამ ხალხმა უნდა გამოთქვას მთავარი პროტესტი", - განაცხადა დიხამინჯიამ "ანალიტიკაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები