მარტში საქართველოს საგარეო ვალი 138 მილიონი დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, საგარეო ვალმა 2025 წლის 31 მარტს 8.7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ვალის მატების მთავარი მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ვალის სავალუტო კომპოზიცია. საქმე ისაა, რომ ვალის ორი მესამედი ევროში არის ნომინირებული, ხოლო ევრო ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში გამყარების მკვეთრ ტენდენციას ინარჩუნებს. ამის გამო, დოლარში გამოსახული ვალის მოცულობაც იზრდება.
რაც შეეხება კრედიტორების რეიტინგს, მათ შორის პირველ პოზიციას იკავებს აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც სახელმწიფოს 2.3 მილიარდი დოლარი მართებს, მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2.1 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.1 მილიარდი დოლარით.
2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით კრედიტორების რეიტინგი:
# | კრედიტორი | ვალის ნაშთი დოლარებში |
1 | აზიის განვითარების ბანკი (ADB) | 2,292,574,000 |
2 | მსოფლიო ბანკის ჯგუფი | 2,126,075,000 |
3 | ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | 1,111,208,000 |
4 | საფრანგეთი (AFD) | 783,587,000 |
5 | გერმანია (KFW) | 582,674,000 |
6 | ევრობონდი | 500,000,000 |
7 | სებ-ის ვალი IMF-ის მიმართ | 358,083,000 |
8 | აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | 215,941,000 |
9 | ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | 213,452,000 |
10 | მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) | 179,042,000 |
11 | ევროკავშირი (EU) | 143,309,000 |
12 | იაპონია | 121,792,000 |
13 | სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | 37,312,000 |
14 | ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | 15,085,170 |
15 | ავსტრია | 10,721,000 |
16 | ქუვეითი | 8,537,000 |
17 | ამერიკის შეერთებული შტატები | 5,902,000 |
18 | რუსეთი | 3,997,000 |
19 | სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | 3,178,000 |
20 | თურქეთი | 1,139,000 |
21 | ყაზახეთი | 636,000 |
22 | აზერბაიჯანი | 585,000 |
23 | სომხეთი | 516,000 |
24 | ირანი | 427,000 |
25 | თურქმენეთი | 211,000 |