ინოვაციური სტარტაპი Visual Solutions AI ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კინოსა და სარეკლამო ინდუსტრიისთვის მაღალი ხარისხის ვიზუალურ კონტენტს ქმნის.
კომპანიის დამფუძნებლებმა დავით ვაშაძემ და დავით გარუჩავამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადეს, რომ კომპანია უკვე მუშაობს გლობალურ პროექტებზე, აერთიანებს ჰოლივუდში დაფუძნებულ ხელოვნური ინტელექტის არტისტებს და პირდაპირ თანამშრომლობს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთან.
დავით ვაშაძის განცხადებით, Visual Solutions AI-მ საქმიანობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, იმ ეტაპზე, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა ვიზუალური მიმართულებით პრაქტიკული გამოყენებისთვის მზადყოფნას მიაღწია.
"მთავარი ამბიცია თავიდანვე კინოინდუსტრიაში ჩართვა იყო, თუმცა პარალელურად ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სარეკლამო მიმართულებამაც. მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე მუშაობა – გუნდის არტისტები ამ სფეროში წამყვან პროფესიონალებად ითვლებიან და გლობალური ხედვა გვაქვს", – აცხადებს ვაშაძე.
მისივე თქმით, კომპანიას უკვე აქვს შესრულებული საერთაშორისო პროექტები, მათ შორის სარეკლამო კამპანიები, რომლებიც გათვლილია ევროპისა და აფრიკის ბაზრებზე. ხელოვნური ინტელექტი კი საშუალებას აძლევს გუნდს, არა მხოლოდ ვიზუალი შექმნას, არამედ კონტენტი სხვადასხვა ენასა და დიალექტზე ადაპტირდეს.
დავით გარუჩავას განმარტებით, Visual Solutions AI აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორის Google-თან და ხელოვნური ინტელექტის ვიზუალური ხელსაწყოების შემქმნელ ისეთ პლატფორმებთან, როგორებიცაა Runway, Kling და Siden.
"ერთი წლის წინ და დღევანდელ შესაძლებლობებს შორის სხვაობა ფაქტობრივად ცა და დედამიწაა. განვითარება ამ მიმართულებით არ შეჩერდება არც წელს და არც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა მოხდეს კინოსა და სარეკლამო ინდუსტრიის დაკავშირება ამ ტექნოლოგიებთან", – ამბობს გარუჩავა.
დავით ვაშაძის თქმით, კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ხარჯების მკვეთრი შემცირებაა: „ხელოვნურმა ინტელექტმა წარმოების ხარჯები დაახლოებით 95%-ით შეამცირა. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი – "თეგეტა მოტორსის" რეკლამის კონკრეტული სცენა ტრადიციული გადაღებით 30-40 ათასი დოლარი დაჯდებოდა, მაშინ როცა AI-ის გამოყენებით ეს ბევრად ნაკლები რესურსით შევძელით“, – აღნიშნავს ის.
ამ ეტაპზე Visual Solutions AI-ის პორტფელის დაახლოებით 80% სარეკლამო პროექტებზე მოდის, თუმცა კომპანიის ამბიცია კვლავ კინოს მიმართულებით განვითარებაა. დამფუძნებლების თქმით, ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, სადაც შემოქმედებითი პოტენციალი მაღალია, თუმცა მასშტაბური პროექტებისთვის ფინანსური რესურსები ხშირად შეზღუდულია.
Visual Solutions AI ასევე მუშაობს ჰიბრიდულ მოდელებზე, სადაც რეალური ადამიანების გადაღება ხელოვნური ინტელექტით შექმნილ გარემოს ერწყმის. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა, შემცირდეს ტრადიციული ვირტუალური პავილიონებისა და მწვანე ეკრანების საჭიროება, რაც აქამდე მილიარდობით დოლარის ინვესტიციას მოითხოვდა.




























