მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისურვებდი, ციფრული სერვისები უფრო მაღალი ტემპით განვითარდეს - ბესო ორთოიძე ბიუროკრატიაზე

63a80b17316f3
თელარა გელანტია
25.12.22 14:20
548
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები - ეს ის ორი მთავარი პრობლემაა, რომელსაც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი კომპანიები მეოთხე კვარტალში ბიზნესისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებად ასახელებენ. აღსანიშნია, რომ ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში ბიზნესი მთავარ ბარიერად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას მიიჩნევდა. კვლევის ავტორების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესში მოლოდინები დადებითია, რასაც ლარის კურსის გამყარებამაც შეუწყო ხელი, კერძო სექტორი, განსაკუთრებით კი სამშენებლო და მომსახურების სფერო, გაფართოებაზეა ორიენტირებული და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყოს - მაგალითად, ბევრი მოთხოვნა შედის მერიაში სამშენებლო ნებართვების მიღებაზე, ბიუროკრატიის გამტარუნარიანობა კი ვერ დაეწია.

ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის, რაც ხელის შემშლელია ბიზნესისთვის, სამშენებლო სექტორი სწორედ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ პროცედურებს გამოყოფს.



BMG-სთან ინტერვიუში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასთან ერთად, სამშენებლო ნებართვების მისაღებად, გაზრდილი ბიუროკრატია ლოგიკურია, მაგრამ საჭიროა, სახელმწიფო უწყებებმა ეს ყველაფერი სერვისების გაციფრულების გზით დააბალანსონ.

„ზოგადად, ბიუროკრატია და ნებართვების სწრაფად მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია მითუმეტეს განვითარებადი ქვეყნებისთვის და ისეთი ეკონომიკისთვის, როგორც ჩვენია; სამშენებლო დარგს ბევრი არარეზიდენტი ინვესტორი ჰყავს და მათთვის ეს ბაზარი იმიტომაც არის მომხიბვლელი, რომ აქ სწრაფად შეიძლება ბიზნესის წარმოება.

მეორე მხრივ, ეკონომიკის განვითარებასთან და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასთან ერთად, რომ ბიუროკრატია იმატებს, ამაში უცნაური და არალოგიკური არაფერია. ვხედავთ, რომ სტანდარტის გაუმჯობესება იწვევს ბიუროკრატიულ ზრდას; ადრე თუ 2-3 დოკუმენტაციას გვთხოვდნენ, ახლა მეტი მოგვეთხოვება და გაიზარდა მშენებლობის სტანდარტი როგორც ხარისხობრივად, ისე უსაფრთხოების კუთხით.

ჯამში, სამშენებლო დარგი გაგებით ეკიდება ყველა რეგულაციას, რომელიც ემსახურება სტანდარტების გაზრდას, მითუმეტეს, სახელმწიფოსაც აქვს ვალდებულება, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები და ამ გეგმას მივყვებით.

ერთადერთი, ვისურვებდით, ციფრული სერვისები უფრო მაღალი ტემპით განვითარდეს - კომპანიებს არ გვიწევდეს გარკვეული დოკუმენტაციის ფიზიკურად მიტანა თუნდაც საჯარო რეესტრში, რადგან უამრავი საშუალება არსებობს, რომ ყველაფერი ვაკეთოთ ელექტრონულად, ოფისიდან გაუსვლელად და საქმე გავიმარტივოთ როგორც ბიზნესმა, ისე - სახელმწიფო სტრუქტურებმა. ეს დააბალანსებს იმ ლოგიკურ ბიუროკრატიას, რომელიც წლიდან წლამდე იმატებს“, - განაცხადა BMG-სთან ინტერვიუში „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ.

BAG-ინდექსი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „აპარტ დეველოპმენტის“ აღმასრულებელ დირექტორსაც შევაფასებინეთ. თათა დგებუაძეც ადასტურებს, რომ გაზრდილია იმ დოკუმენტაციის რაოდენობა, რომელსაც ბიზნესს სამშენებლო ნებართვების ასაღებად სთხოვენ, რასაც ბიზნესი არ აპრტოტესტებს, მაგრამ მათი სურვილია, ბიუროკრატიამ უფრო სწრაფი ტემპით იმუშაოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ „აპარტ დეველოპმენტის“ პროექტები, ძირითადად, ძველ თბილისშია, ჩვენთვის კიდევ უფრო გართულებულია სამშენებლო ნებართვების მიღების პროცესი და ვადები. გარდა იმისა, რომ თბილისის მერიასთან თანხმდება ყველა პროექტი, ვიზუალურ და კონცეპტუალურ ნაწილს ასევე ვათანხმებთ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან, რათა თანამედროვე შენობები ორგანულად შეერწყას ძველი თბილისის არქიტექტურას, ამიტომ ცოტა უფრო მეტად ხანგრძლივდება ეს პროცესი. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს ძალიან სწორი მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სულ მუსირებს აზრი, რომ ქალაქი გადაიქცა ბეტონის შენობებად, მაგრამ მეორე მხრივ, ალბათ არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება დროში უფრო სწრაფად გადაწყდეს.

მაგალითად, დღეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებელობის ნებართვის ასაღებად ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადაა საჭირო. დოკუმენტაციების მოგროვება მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული - დამოკიდებული ვართ სხვადასხვა ექსპერტზე, სხვადასხვა საჯარო უწყებაზე, როგორიცააა საჯარო რეესტრი, საგანაგებო სიტუაციების სამსახური და ა.შ. ამდენად, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ ამ დოკუმენტაციების რაოდენობის შემცირება ან დროში ოპტიმიზაცია მოხდება“, - აღნიშნა თათა დგებუაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები