მცირე ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მარგებაძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა “აწარმოე საქართველოში" 5 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის ჰესების მშენებლობასაც აფინანსებდეს.
საუბარია ელექტროენერგიის წარმოების კომპონენტის დამატებაზე, რომელიც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პროექტის " ბიზნეს უნივერსალის” ახალი ეკონომიკური მიმართულებაა.
სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს. სემეკის დადგენილებით 0.5 მეგავატი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს მიეკუთვნება. პროგრამის ფარგლებში, "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით.
“მიკროჰესების მშენებლობა ძირითადად არხებზე ხდება, რაშიც ჩვენ ცოტას მოვიკოჭლებთ. იმიტომ, რომ წყლის მართვის სისტემები მელიორაციას ცოტა ბუნდოვნად აქვს განსაზღვრული და რთულია თქვა სად შეიძლება ამ მიკროჰესის მოწყობა. მაგრამ მდინარეებიც არის ისეთი, სადაც მიკროჰესის მშენებლობა შესაძლებელია. ამ კომპონენტის დამატება დროული და კარგია. იქნება პროექტები, რომლებიც ისარგებლებენ ამ მექანიზმით, რადგან რეფინანსირების განაკვეთის 5%-ით დაფინანსება პატარა საქმე არ არის. რა თქმა უნდა, ვისურვებდით რომ ეს უფრო მაღალ მეგავატზე ყოფილიყო, დაახლოებით 5 მგვტ-მდე მაინც, თუმცა ესეც კარგია რაც ახლა მოხდა”, - ამბობს მარგებაძე.