მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ინოვაცია მოდიოდეს ამ რეგიონიდან“ - ტალ კატრანი სამხრეთ კავკასიაზე

ტალ კატრანი

ხელოვნური ინტელექტი, სტარტაპ ეკოსისტემა და სამხრეთ კავკასია - ამ თემებზე BMG-ის ბაქოს ბიურომ ინტერვიუ ისრაელელ ანტრეპრენიორ და სტარტაპ ეკოსისტემის საერთაშორისო ექსპერტ ტალ კატრანთან ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

თქვენი აზრით, რომელი ინდუსტრიის სტარტაპები შეიძლება მივიჩნიოთ წარმატებულად დღეს?

მოხარული ვარ, რომ ჩემი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა თქვენთანაც მომეცა. მოკლედ ვიტყვი, რომ საკმაოდ ახლოს ვიცნობ საქართველოს და აზერბაიჯანს და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპას. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე ტრენდულ სტარტაპებზე, რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაამახვილებს.

ვფიქრობ, რომ ციფრული მსოფლიო უფრო მეტად ფინტექის მიმართულებით განვითარდება. ამ კუთხით მთავარი საკითხია გადახდები, რომელიც უფრო მეტად რელევანტური ხდება ფინტექში. ასევე, აღვნიშნავდი კიბერმიმართულებასაც, ვინაიდან ჩვენ უფრო და უფრო მეტად ვართ ინტერაქტიული ციფრულ სამყაროში და რაც უფრო მეტად ვიქნებით იქ წარმოდგენილი, მით უფრო მოწყვლადები ვხდებით კიბერთავდასხმების მიმართ. სტარტაპების კუთხით ესეც მნიშვნელოვანია და ასევე დავამატებ აგრო და კლიმატის მიმართულებებსაც. ამ ორივე სფეროზე ინდუსტრიულმა რევოლუციამ დიდი გავლენა იქონია. ჩვენ გვჭირდება ვიკვებოთ და დავიცვათ პლანეტა და სტარტაპების ჭრილში ეს მიმართულებები ყველაზე მნიშვნელოვანია.

თქვენ უკვე შეეხეთ ხელოვნური ინტელექტის საკითხს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა ინდუსტრიაში საყოველთაო და საჭირო ხდება, თუმცა, რამდენად არის ტექნოლოგიები სანდო?

თქვენ ახლა შეეხეთ სანდოობის საკითხს, მაგალითად, ახლა ნამდვილად თქვენ გესაუბრებით თუ ხელოვნურ ინტელექტს? თუმცა, ახლა თქვენ რომ გიყურებთ, შემიძლია დასკვნის გამოტანა, რომ თქვენ ხართ და არა AI. მაგრამ როცა ტელეფონით გესაუბრებით, მაშინ ნამდვილად ვერ ვიქნები დარწმუნებული. ამიტომაც როცა საქმე საბანკო სისტემას, ფინანსებს, საკრედიტო ბარათს თუ სადაზღვევო კომპანიებს ეხება, მეტნაკლებად ეს საკითხი რთულდება. ვიტყოდი, რომ საჭიროა უფრო მეტი დაცულობა. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების თითოეულ ნაწილს მოიცავს უკვე და ამის შეჩერება შეუძლებელია.

რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების ან სტრატეგიების გამოყენება ბიზნესის განვითარებისთვის?

ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთი მხრივ გადავდგათ ნაბიჯები, რაც არ დაგვაზიანებს და ტექნოლოგიების შესაძლებლობებს სწორად გამოგვაყენებინებს. მეორე მხრივ კი, ცოტათი შეშინებულები ვართ. როგორც გახსოვთ, 10-20 წლის წინ ვნახულობდით ფილმებს იმის შესახებ, რაც ახლა ხდება. ამიტომაც ახლა როცა ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, კითხვა ისმის, სად უნდა იყოს უფრო მეტად წარმოდგენილი, როგორ გავუმკლავდეთ ასევე ეთიკურ დილემებს, მაგალითად, თუ მე Chat GPT-ის ვთხოვ რომ დამიხატოს ნახატი, ამ ნახატზე ინტელექტუალურ უფლებას ვინ ფლობს? ის მე მეკუთვნის, იმის გამო რომ მე შევუკვეთე მისი დახატვა ტექნოლოგიებს? თუ ვის? ეს საკითხები ბუნდოვანია. მაისის დასაწყისში ვიყავი აზერბაიჯანში, სადაც პანელური დისკუსია მიმყავდა ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ კულტურაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ეს ვრცელი საკითხია. პანელს იურისტებიც ესწრებოდნენ და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების მქონე ადამიანები. ამაზე დიდი დისკუსიაა და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა დარჩეს განსახილველ მაგიდაზე და მასზე უნდა ვიმსჯელოთ, რაც შეიძლება მეტი, ასევე უნდა შემუშავდეს გარკვეული კრიტერიუმები, კანონმდებლობა, სხვა შემთხვევაში, დიდი ქაოსი შეიქმნება.

გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ იმყოფებოდით ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში და ასევე კარგად იცნობთ ჩვენს რეგიონს, რა ინოვაციურ ბიზნეს გადაწყვეტებს ხედავთ იქ? ასევე, ალბათ, ღირს ამ კუთხით რეგიონში არსებულ ხარვეზებზეც გავამახვილოთ ყურადღება. რა გვაკლია?

პირველ რიგში, თქვენი რეგიონი საკმაოდ მზარდი და განვითარებადია. თუმცა, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ინოვაცია მოდიოდეს ამ რეგიონიდან, ვინაიდან ამის საჭიროება არის, ისევე როგორც ყველგან. ასევე, ვიტყოდი რომ თქვენს რეგიონში ამ კუთხით პროფესიონალები არანაკლებ განათლებულები არიან, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. თუმცა რეგიონში ახლა გაციფრულება მთავარი საკითხია. ამის საჭიროება არის ორივე ქვეყანაში - საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც, ასევე ყაზახეთსა და უზბეკეთშიც.

არის დედაქალაქი, როგორც ყველაფრის ეპიცენტრი და არის რეგიონები და სოფლები, სადაც ტექნოლოგიების გამოყენება ვერ არის ისეთი აქტიური. ეს არც არის უცნაური. ასეა თითქმის ყველგან, მთელ მსოფლიოში. როგორც წესი, დედაქალაქები უფრო განვითარებულები არიან ამ მხრივ, ვინაიდან სწორედ დედაქალაქებში ცხოვრობს ბიზნეს საზოგადოება. ამიტომაც სახელმწიფო უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული რეგიონებში, უფრო მეტი დაფინანსება მიმართოს რეგიონებისკენ ტექნოლოგიურად განვითარებისთვის. მთავრობას აქვს რესურსები, მთავრობას აქვს კანონშემოქმედი ფუნქცია. როგორც ჩემს ქვეყანაშია მაგალითად, სახელმწიფო ბენეფიტებს აძლევს მათ, ვინც წავა რეგიონებში და იქ ტექნოლოგიებს განავითარებს. ვფიქრობ, ეს კარგი მოდელია, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენს რეგიონშიც.

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, თქვენს რეგიონში საკმაოდ კვალიფიციური კადრებია, განათლებული, შეუძლიათ პროგრამირება და ყველაფერი, თუმცა, ხელფასების კუთხით, ჩემი აზრით, უფრო მეტი წახალისებაა საჭირო, ვინაიდან კვალიფიციური კადრები ქვეყნიდან გადიან ამის გამო, ისინი მიდიან სხვა ქვეყნებში, რათა უკეთესი ანაზღაურება მიიღონ. ეს საყურადღებო უნდა იყოს მთავრობისთვის. ამასთან, როდესაც თქვენ საუბრობთ გაციფრულებაზე, მაგალითად აზერბაიჯანში, ამისთვის ლიცენზიაა საჭირო. ლიცენზიის მიღებას კი სჭირდება პროფესიონალთა ჩართულობა, მაგალითად, რისკის მენეჯერების და ა.შ. ხოლო როდესაც არ გყავთ საკმარისად შესაბამისი კადრი, პრობლემა ხდება და პროცესი ჭიანურდება.

საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს ეროვნული გეგმა, უნდა გაანალიზდეს რესურსები, განისაზღვროს, რა არის საჭირო. შემდეგ საჭიროა განათლება, უნივერსიტეტებში უფრო მეტი ტრენინგები, პროფესიონალების არა ქვეყნის გარედან შემოყვანა, არამედ თავად ქვეყნის შიგნით მათი გაზრდა. ასევე, მივმართავ უცხოელებს, ჩამოდით საქართველოში, აზერბაიჯანში, გააზიარეთ ცოდნა, თქვენი ტექნოლოგიები, გამოცდილება. ეს ის ადგილია, სადაც უნდა იყოთ წარმოდგენილი.

მადლობა, მინდა ასევე გკითხოთ ე.წ. dropshipping-ზე, რაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს წარმატებული ნიშა? თუ ნაკლებად აქვს მას პერსპექტივა?

ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი საკითხი არის კონკურენცია. უმრავლესობისთვის ეს მიიჩნევა როგორც სწრაფი ფულის წყარო. ეს მიმართულება უნდა შეისწავლოთ, აქ სწრაფ ფულს ვერ მიიღებთ. მარტივი რთულია და იაფი რეალურად ძვირი ჯდება. ეს უნდა გაითვალისწინოთ. თუმცა, თუ იკითხავთ რომ არის თუ არა ეს ბიზნესი, როგორც სხვები, იგივე შეიძლება მაშინ კრიპტოზეც იკითხოთ. არის ის ნამდვილი ფული? უნდა ვენდოთ? ამიტომ ეს, ჩემი აზრით, ერთი და იგივე საკითხია. მინდა გითხრათ, რომ ამასაც შეიძლება ვუწოდოთ ბიზნესი, ვინაიდან ტიკტოკი სავსეა ვიდეოებით, რომელიც გვასწავლის როგორ გავაკეთოთ ე.წ. dropshipping-ი. ეს ერთგვარი ტრენდია.

კრიპტოინდუსტრიასაც შევეხოთ. დღეს თითქმის ყველა დაინტერესებულია ამ თემით, თქვენ რას ფიქრობთ კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე, ეს ბიზნესია?

ეჭვი არ არის, რომ კრიპტო მომავალში იქნება ფული, რომელიც ციფრულ საფულეში გვექნება და დაცული იქნება ბლოკჩეინით. თუმცა როცა ვამბობთ კრიპტოს, ადამიანების გონება ბიტკოინისკენ მიდის, თუმცა ბიტკოინი შეძლება ითქვას, რომ მილიონიდან ერთ-ერთი კრიპტოვალუტაა. ის დაცულია ბლოკჩეინით, პრობლემა მერყეობაა. ის მკვეთრად იმატებს და იკლებს ხოლმე. ამის ასახსნელად ჩემთვის ერთ-ერთი ინდიკატორი ყოველთვის არის JP Morgan აშშ-ში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა კრიპტოს, ახლა კი თავად არის ამაში ჩართული. ვიცი, რომ ეს თემა სადისკუსიო, თუმცა, როცა ხედავ, რომ წამყვანი საერთაშორისო ბანკი კრიპტოვალუტას იყენებს, ეს უნდა იყოს შეფასების ინდიკატორი. ის ნამდვილად არის ვალუტა, რომელიც ნელ-ნელა ჩაანაცვლებს სხვებს. წლების წინ რომ გეკითხათ, შემეძლო თუ არა სმარტფონით ციფრულად გადახდა, გეტყოდით, რომ შეუძლებელია. ახლა კი იცით, რომ ეს შესაძლებელია. რაღაცები ვითარდება, ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ. უსაფრთხოება არის საკითხი, თუმცა, ამის პასუხი ბლოკჩეინია. ასე რომ, როგორც ვთქვი, ეს არის ბიზნესი, ის გაიზრდება კიდევ, ყველგან გავრცელდება და ჩვენ მის გამოყენებას დავიწყებთ.

მადლობა და ბოლოს გკითხავთ, რა პოტენციალს ხედავთ სამხრეთ კავკასიაში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სერვისების ექსპორტის თვალსაზრისით?

ჩემი კავშირი კავკასიაში ამ ეკოსისტემასთან 2016 წელს დაიწყო, როცა მე პირველად ჩამოვედი ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში. ამას მოჰყვა უზბეკეთსა და ყაზახეთში ვიზიტიც. აზერბაიჯანში და საქართველოში წლების განმავლობაში დავრჩი. ამ ქვეყნებში ახლაც ჩამოვდივარ. მქონდა და მაქვს კომუნიკაცია GITA-სთან, ინოვაციების სააგენტოსთან. ამ ორ ქვეყანაში ვხედავ მთავრობის ნაბიჯებს გაციფრულების და ტექნოლოგიების წახალისების თვალსაზრისით. მაგალითად, აზერბაიჯანი დიდ შემობრუნებას აკეთებს გაზისა და ნავთობიდან უფრო მეტად ტექნოლოგიებისკენ, გახადების, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ეს ორი ქვეყანა ამ კუთხით განვითარებადი ბაზრები არიან. თუმცა, ვისურვებდი უფრო მეტს, უფრო მეტ მოტივაციას და ახალგაზრდების ჩართულობას.

ამჟამად, ბევრ ასპექტში, როდესაც საუბრობ სტარტაპებზე, ისეთი გრძნობაა, რომ თითქოს ნამდვილ ბიზნესზე არაა საუბარი და არ გამოიმუშავებ ფულს. ბევრი მუშაობა გჭირდება, ბევრი გამოწვევაა. ეს ძირითადად უფრო უფროსი თაობისგან მოდის. ახალი თაობა ძირითადად უფრო მეტად მიიწევს წინ, საუბრობენ ინგლისურად, განათლებულები არიან. მათ სწყურიათ სიახლეები, მიზანსწრაფულები არიან.

მეორე საკითხია ის, რომ ვისურვებდი მთავრობის მეტ ჩართულობას. სახელმწიფომ დიდი რაოდენობის ფინანსური რესურსი უნდა ჩადოს, იმაზე მეტი, ვიდრე ამას დღეს აკეთებს. უნივერსიტეტები კი უფრო მეტად უნდა დაკავდნენ და უფრო ღრმად ამ კუთხით განათლებაში. მეტი სკოლა, მეტი ვორკშოფი, მეტი ლექცია ტექნოლოგიებზე… ამ ქვეყნებში სტარტაპებს რომ ჰკითხოთ, თანხების მოძიებაზე, ისინი გეტყვიან, რომ ეს ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა. ინვესტორებისთვის სტარტაპები საკმაოდ სარისკო ბიზნესია. მათ არ სურთ აქ ფულის ჩადება. ძირითადად, ვფიქრობ, მათ არც ესმით ეს საკითხი. მეორე მხრივ, მათ უნდათ ინვესტირება იმ ადამიანებში, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიებს. ამ ადამიანებს კი უკეთესი განათლება სჭირდებათ. უფრო მეტი მოტივაცია, მენტორინგი და მხარდაჭერა. უამრავი ადამიანია, ვინც დაინტერესებულია ამ რეგიონში შემოსვლით. არიან ასოციაციები ფინტექის, კიბერუსაფრთხოების, განათლების მიმართულებით, რომელთაც სურთ მხარდაჭერა, თუმცა, თქვენ მათ უფრო ფართოდ უნდა გაუღოთ კარი და ისინი აუცილებლად შემოვლენ. ამ რეგიონში ამ მხრივ უდიდეს პოტენციალს ვხედავ.

პირადად მეც, ძალიან მწამს საქართველოს და აზერბაიჯანის, სადაც ხშირად ჩამოვდივარ და სადაც შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ულამაზესი ქვეყნები გაქვთ, გემრიელი სამზარეულოთი. მადლობას გიხდით, რომ მომიწვიეთ ინტერვიუსთვის.

მადლობა თქვენ პასუხებისთვის და მოსაზრებებისთვის. ყოველთვის მზად ვართ რეგიონში თქვენი მასპინძლობისთვის. მადლობა ინტერვიუსთვის კიდევ ერთხელ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები