მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისურვებდით, მეტი მონაწილე გადადიოდეს კონსერვატიულიდან დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელში - მელიქიძე

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი მეტი მოქალაქე აირჩევდა დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელს.

როგორც გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს პორტფელების არჩევის უფლება აქვთ, კონსერვატიულიდან დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში დანაზოგების გადატანის მაჩვენებელი მაღალი არაა.

მისი თქმით, ბოლო ერთმა წელმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი ამონაგები დინამიკურ პორტფელს ჰქონდა.

„მონაწილეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბალანსებული და დინამიკური პორტფელის არჩევა, თუმცა ალბათ მაინც მეტი დრო სჭირდება ამ საკითხს, რომ მოქალაქეებს ავუხსნათ, ასევე გაიზარდოს ფინანსური განათლება. როდესაც სამ იანვარს მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ კონსერვატიულ პორტფელში, მაშინ 45 მლნ ლარი იყო მთლიანად დაბალანსებული და დინამიკური პორტფელის მოცულობა. ახლა დაახლოებით 55 მლნ ლარია, ანუ 10 მლნ ლარამდე იყო წლის განმავლობაში პორტფელების გადანაცვლება, რაც შედარებით პატარა ციფრია. მოქალაქეებს დღეში დაახლოებით 200-300 ათასი ლარის თანხები გადმოაქვთ კონსერვატიული პორტფელიდან დაბალანსებულ და კონსერვატიულ პორტფელებში, რაც არაა ცუდი დინამიკა, მაგრამ კიდე უფრო მეტი რომ იყოს, კარგი იქნებოდა.

მთელი პორტფელის, ანუ 5.5 მლრდ ლარის 99% კონსერვატიულ პორტფელია, ვისურვებდით, რომ მეტი მონაწილე გადადიოდეს კონსერვატიულიდან დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელში. რადგან თუკი მონაწილეს გრძელვადიანი საინვესტიციო ჰორიზონტი აქვს, ასეთ შემთხვევაში დინამიკურ პორტფელში ყოფნა ძალიან სწორია. ბოლო ერთი წელიც აჩვენებს, რომ ყველაზე კარგი ზრდა სწორედ ამ პორტფელს ჰქონდა“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 5.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მთლიანი საინვესტიციო ამონაგები 1.23 მლრდ ლარზე მეტია.

სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელების მართვის უფლება საპენსიო სააგენტოს გასული წლის აგვისტოში გაუჩნდა. ამჟამად დანაზოგების დიდი ნაწილი კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელშია განთავსებული, რომლის ზომაც 5,44 მლრდ ლარია. დაბალანსებულის ანუ საშუალორისკიანი პორტფელის ზომა 30.3 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დინამიკური ანუ მაღალრისკიანის - 27.9 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები