დასავლეთმა უკვე „ქართული ოცნების“ 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, საიდანაც მხოლოდ ნაწილის ვინაობაა ცნობილი.
მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო სანქცირებულ პირებს შორის არიან ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე, მოსამართლეები.
დაწესდა როგორც სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები, ასევე ეკონომიკური და ფინანსური სანქციები.
იმ სანქცირებული პირების შესახებ ინფორმაცია, რომელთა ვინაობაც ცნობილია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" (TI) შეაჯამა.
გთავაზობთ იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებზეც როგორც აშშ-ს, ასევე დიდი ბრიტანეთის მიერ ეკონომიკური და ფინანსური სანქციებია (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით) დაწესებული:
- ვახტანგ გომელაური - ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ზვიად ხარაზიშვილი - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
- მილერი ლაგაზაური - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მხოლოდ აშშ-ს მიერ ეკონომიკური და ფინანსური სანქციების ქვეშაა:
- მირზა კეზევაძე - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
- ზურაბ მახარაძე - ძალადობრივი მოძრაობის „ალტ-ინფოს“ ლიდერი;
- კონსტანტინე მორგოშია - ძალადობრივი მოძრაობის „ალტ-ინფოს“ ლიდერი;
- ოთარ რომანოვი-ფარცხალაძე - ყოფილი მთავარი პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი თანამოაზრე (საქართველოს მოქალაქე აღარაა 2023 წლის ოქტომბრიდან).
მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მიერ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაწესებულია:
- ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი - შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.