ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ სავალუტო და ფინანსურ ბაზარზე ვითარება სტაბილურია.
ნათია თურნავამ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ, ის კომპონენტები ჩამოთვალა, რაც ბაზრის სტაბილურობას უზრუნველყოფს. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს, ეროვნულმა ბანკმა მეტი სავალუტო რეზერვი იყიდა, ვიდრე გაყიდა.
"ვითარება სავალუტო ბაზარზე სტაბილურია, რაც მნიშვნელოვანია. თუმცა შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში, ლარის კურსი დგება მოთხოვნა მიწოდების თანაქმედების შედეგად და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორების შედეგად. ჩვენ, არცერთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი არ გაგვუარესებია და პირიქით ხდება გაუმჯობესება. მე ჩამოვთვალე, დაბალი ინფლაცია, სტაბილური ეკონომიკური ზრდა, რომელიც კარგად არის დაბალანსებული. ამას დავამატებ, მიმდინარე ანგარიშის ბოლოდროინდელი ბალანსის გაუმჯობესების ტენდენციებს. დავამატებ, სავალუტო შემოდინებებს, როგორც ტურიზმის, ასევე გზავნილების. ასევე, სხვადასხვა ახალი სერვისის ექსპორტის შედეგად იზრდება შემოდინებები.
ეს არის ჩვენი საფინანსო და სავალუტო ბაზრის არსებითი სტაბილურობის საფუძველი. თუმცა, თავისუფალი ბაზარია, თავისუფლად მცურავი კურსია და მოკლე ვადებში არ ვართ დაზღვეული სხვადასხვა რყევებისგან. თუკი, ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ჩვენი ერთჯერადი ინტერვენცია, ამას ყოველთვის განვახორციელებთ. თუმცა, მაკროეკონომიკური პროგნოზი და გათვლები, არ მიგვითითებს, რომ ამ კუთხით, რამე დესტაბილიზაცია არის მოსალოდნელი", - განაცხადა თურნავამ.