მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა „ოცნება“ მზად, დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის „რუსული კანონი“ გააუქმოს

ლევან დავითაშვილი
28.10.24 12:54
283

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ მიღწეული "ბოლო პერიოდის პროგრესი აჩვენებს, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის ერთგულია". ამის შესახებ მინისტრმა განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც BMG-იმ მას ჰკითხა, თუ რა პროგრესზეა საუბარი მაშინ, როდესაც EU-ს განცხადებით საქართველოსთან ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამ შეჩერების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ხელისუფლების მიერ ე.წ. "რუსული კანონის" მიღებაა.

"ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს გრძელვადიან პარტნიორებთან გვქონდეს ურთიერთობები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება მიმართული. არაერთი განცხადება იყო წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ჩვენ ვართ მოწადინებული გვქონდეს კარგი ურთიერთობები აშშ-სთან და ზოგადად პარტნიორებთან. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება არჩევნების შემდეგ. ჩვენ საქმით დავადასტურეთ, რომ ის არჩევანი, რომელიც გავაკეთეთ, გავამყარეთ საკონსტიტუციო ჩანაწერით. ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე მეტი საქმე ევროპასთან დაახლოების მიზნით. ბოლო პერიოდის პროგრესი აჩვენებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული ვართ.

BMG: პროგრესი რომ დააკონკრეტოთ, იმიტომ რომ ვერ ვხედავთ.

მინისტრი: თქვენ თუ ვერ ხედავთ, ამაზე მეტყველებს ძალიან ღიად.

BMG: ევროინტეგრაციის პროცესი არ არის შეჩერებული ბატონო ლევან?

მინისტრი: ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, 2012 წლიდან ევროინტეგრაციის პროცესი იყო გაჩერებული და ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს პროგრესს. ეს გამოიხატებოდა ბევრ წარმატებაში, რომელიც საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მიღებით განისაზღვრა. თუმცა ეს პროგრესი გაგრძელდება შემდეგ წლებშიც და ამ პროგრესის მიღწევა და გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი საარჩევნო პროგრამის მეშვეობით და სხვანაირად არანაირად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, ეკონომიკის განვითარება და მათ შორის ჩვენი საზოგადოება დაინახავს რა მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება ქვეყანას ევროპასთან აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.

BMG: ბატონო ლევან, ახლა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული და ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში.

მინისტრი: თქვენ წარმოადგენთ გადაცემას და არხს, რომელიც არის ანალიტიკური და თქვენ სხვა მედიებისგან განსხვავებით იცით რისგან შედგება ევროინტეგრაციის პროცესი, ეს შედგება მთელი რიგი ვალდებულებებისგან, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს და სხვა შემთხვევაში არც წევრობაზეა საუბარი. მე გარწმუნებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება და ასევე განწყობა, მზაობა არის, რომ ამ რეფორმებში ვიყოთ აქტიური,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები