“ვიცით რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რათა IMF-ის პროგრამის აღდგენა დაჩქარდეს“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თურნავამ განმარტა, ერთ-ერთი მიმართულება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებაა, რისთვისაც საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მყარი თანამშრომლობა გაგრძელდეს. იცით, რომ პროგრამა არ არის შეწყვეტილი, მაგრამ გაზაფხულიდან მოყოლებული მისი მეორე მიმოხილვა არის გადადებული. ჩვენ საკმაოდ პოზიტიურად ვართ განწყობილი, გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდთან.
ვიცით რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ პროგრამის აღდგენა აქტივაცია დაჩქარდეს. ერთ-ერთი მიმართულება ეროვნული ბანკის გაძლიერებაა, მისი დამოუკიდებლობის, კანონმდებლობით ჩვენი დამოუკიდებლობა გარანტირებულია, მაგრამ ყოველთვის არის შესაძლებლობა გავაძლიეროთ ინსტიტუციურად ჩვენი ორგანიზაცია, ამ თვალსაზრისით ვმუშაობთ გარკვეულ საკანონმდებლო პაკეტზე, ინიციატივებზე“, - ამბობს ნათია თურნავა.
ინფორმაციისთვის: IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია.
IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.
რაც შეეხება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიღებისკენაც ფონდი საქართველოს მოუწოდებს - როგორც მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, ეს არის ცვლილებები, რომლებიც მიმართული უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს გაძლიერებისკენ.




























