მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს - მიხეილ კუკავა

კუკავა

„იმდენად უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ვიზალიბერალიზაცია ეკონომიკაზე არ მოახდენს გავლენას, რომ უბრალოდ ამის განხილვაც კი უხერხულია“, - ასე ეხმაურება Stemscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც პრემიერი ამბობს, რომ “ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს”.

არსებულ მაჩვენებლებს, რომ შევხედოთ, ფულადი გადმორიცხვები ევროკავშირის ქვეყნებიდან საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა გახდა შესაძლებელი.

ვიზალიბერალიზაციამ გააადვილა მობილობა და შექმნა ევროპაში დროებითი დასაქმების შესაძლებლობა. შესაბამისად, Stemscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ამბობს, რომ ფულად გადმორიცხვებში მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამ ადამიანებზე მოდის, რომლებიც ევროკავშირში დროებით სამუშაოებზე დასაქმდნენ.

„ვიზალიბერალიზაციას ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ეკონომიკასთან. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების 45% - 140 მილიონ დოლარზე მეტი იყო გადმორიცხული და ამას ჰქონდა ზრდის ტემპი. ჩარიცხული მოცულობის ზრდის ტემპი 17%-ია. ჩვენ თუ შევხედავთ ვიზალიბერალზიაციამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვებს, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, ვნახავთ, რომ გაცილებით დაბალი იყო ვიზლაიბერალზიაციამდე. დანარჩენ ქვეყნებზე მოდის 55%. წარმოიდგინეთ 45% ევროკავშირზე და 55% დანარჩენ ქვეყნებზე და როგორ შეიძლება ამას გავლენა არ ჰქონდეს ეკონომიკაზე.

140 მილიონის გადმორიცხვებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი იმ ადამიანებზე მოდის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოდ 3-თვიანი პერიოდით მიდიან და შემდეგ უკან ბრუნდებიან. ამდენად ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას გადმორიცხვებზე, რაც არის ჩვენი ეკონომიკის, მოხმარების დიდი ნაწილი. 315 მილიონია ჯამში გადმორიცხვები, წარმოიდგინეთ მოხმარებას რა დაემართება, თუ 315 მილიონს გამოვაკლებთ 140 მილიონის ნაწილს. ზუსტად არ ვიცით, რა წილი მოდის იმ ადამიანებზე, ვინც მიდიან და ისევ ბრუნდებიან, თუმცა ვიზალიბერალზიაციამდე იმდენად დაბალი იყო ეს მაჩვენებელი, ვიდრე ახლა გვაქვს, რომ სრულიად აშკარაა, რომ საკმაოდ დიდი წილი არის მათი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში უამრავი ინვესტორი მას შემდეგ მოვიდა, რაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა. თავისუფალი ვაჭრობა და ვიზალიბერალზიაცია შეიძლება არ არის ერთმანეთთან სამართლებრივ კავშირში, რადგან ვიზალიბერალზიაციის შეჩერება გაცილებით მარტივია, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რას ნიშნავს ამ ადამიანებისთვის?

ეს ნიშნავს, რომ პრობლემები გვაქვს ქვეყნის უმთავრეს სავაჭრო პარტნიორთან და დემოკრატიის და თავისუფლების უმთავრეს გარანტორთან ევროკავშირთან, შესაბამისად ისინი დაფიქრდებიან იმაზე, ღირს თუ არა ამ ქვეყანაში მუშაობა. რამაც ეს ადამიანები მოიზიდა, თუ გაქრება ეს მიზიდულობა და მიზეზები, რის გამოც მოდიოდნენ და აგენერირებდნე დამატებით ღირებულებას ეკონომიკაში, რატო დარჩებიან და გააგრძელებენ ინვესტირებას?! ამიტომ ეს იმდენად უსაფუძვლოა მტკიცება, რომ ვიზალიბერალიზაცია ეკონომიკაზე არ მოახდენს გავლენას, უბრალოდ უხერხულია ამის განხილვაც კი“, - აცხადებს bm.ge-სთან მიხეილ კუკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები