მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში ქართველი მეზღვაურების დასაქმება გართულდება” - რომა ტოგონიძე

მეზღვაური

“ქართველ მეზღვაურებს თუ შენგენის ვიზა დასჭირდა, ისევ ფილიპინელები და ინდოელები ჩაგვანაცვლებენ”- საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანება საზღვაო სააგენტოსგან “ქართული ოცნების” მთავრობისთვის იმის ახსნას მოითხოვს, თუ რას ნიშნავს ქართველი მეზღვაურებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა და ხელისუფლების პოლიტიკა რა საფრთხის წინაშე აყენებს ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობას. “ეს არის კოზირი ჩვენს ხელში“ - ეს პასუხი აქვთ მეზღვაურების ნაწილს მათთვის, ვისთვისაც ევროპაში ვიზით თუ უვიზოდ მიმოსვლა ეგზისტენციალური საკითხი არ არის.

BM.GE-სთან ინტერვიუში მეზღვაურები ამბობენ, რომ სწორედ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემდეგ საკმაოდ გაუმარტივდათ ევროპულ კომპანიებში დასაქმება. მათ მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელზედაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დრამატულად აისახება, სწორედ საზღვაო სფეროა. ამ სფეროში კი 20 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებზეც მოთხოვნა ევროპული კომპანიების მხრიდან სწორედ საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა, ახლა კი ჩნდება რისკი, ქართველები სხვა ქვეყნების მეზღვაურებმა ჩაანაცვლონ.

“რა თქმა უნდა გართულდება დასაქმების საკითხი, რადგან უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში მეზღვაურებს დამატებითი ნებართვების აღება დაგვჭირდება, რაც ჩემი აზრით, ძალიან გაწელავს დროს და ამავდროულად არც დამსაქმებელი იქნება დაინტერესებული ჩვენს მიმართ. რაღაც ინტერესი იქნება, მაგრამ არა იმდენი, როგორც იყო ადრე ან არის ახლა”,-აცხადებს მეზღვაური რომა ტოგონიძე.

“როტაციისთვის ძალიან კარგია ვიზალიბერალიზაცია. არაფერი არ გჭირდება, უბრალოდ ჩაფრინდები ადგილზე და იქ პროცედურები არაფერია საჭირო, მალე ხდება ყველაფერი, რაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში რა თქმა უნდა, გართულდება. ეს უპირატესობა ჰქონდათ ქართველებს, რომ ყველაფერი გაადვილებული იყო და ამიტომაც საქმდებოდნენ ავტომატურად”,-აცხადებს მეზღვაური, მალხაზ გვიანიძე.

მეზღვაური ლაშა ქარცივაძეც BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს ნაკლებ პროცედურებს, რაც მნიშვნელოვანია გემთმფლობელებისთვის, ამიტომ თუ ამ შესაძლებლობას ქვეყანა დაკარგავს, ეს გავლენას მოახდენს ქართველი მეზღვაურების დასაქმების პერსპექტივაზე.

“ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი კოზირი, რომელიც ქართველ მეზღვაურებს ხელში კვიჭირავს დღესაც. ძალიან დიდ კომფორტს ვთავაზობთ გემთმფლობელებს და დამსაქმებელ კომპანიებს იმ მხრივ, რომ არ გვჭირდება ზედმეტი ფორმალობები, არ გვჭირდება ზედმეტი პროცედურების გავლა, რაც მეზღვაურებს ისედაც არ გვაკლია. ფინანსური მხრიდანაც, ვიზის მოსაკრებელს არ ვიხდიდით, პლუს ამას ყველას გვეძლეოდა შანსი დავსაქმებულიყავით ევროპულ კომპანიებში.

თუ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, ეს იქნება ძალიან ცუდი იმ მხრივ, რომ ჯერ ერთი ყველა ვიზას ვერ მიიღებს და მეორე, როცა გემთმგფლობელი დგას არჩევანის წინაშე მის გემზე ვინ ამოიყვანოს, ურჩევნია რა თქმა უნდა წაიყვანოს ის, ვისთანაც ერთით ნაკლები პროცედურის გავლა მოუწევს.

ეს პლუსები გვაქვს დღეს და ეს თუ დავკარგეთ იქნება ძალიან ცუდი, განსაკუთრებით დამწყები მეზღვაურებისთვის”,- აცხადებს ლაშა ქარცივაძე, მეზღვაური.

გასული წლის მდგომარეობით, ქვეყანაში 20 ათასამდე მეზღვაურია რეგისტრირებული, რომელთა 90% უცხოელ გემთმფლობელებთან მუშაობს. კონსერვატიული გათვლებით, ქართველ მეზღვაურებს, როგორც სერვისის ექსპორტიორებს ქვეყანაში წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შემოაქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები