მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ქვეყანას რეპუტაციული ზიანის წინაშე დააყენებს - IDFI

IDFI

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელიც წლების მანძილზე ქვეყნის ევროპულ მომავალთან იყო ასოცირებული, დღეს კითხვის ნიშნების ქვეშ დგას.

BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ქვეყნის რეპუტაციულ ზიანს ნიშნავს და ევროპელი ტურისტების ნაკადის შემცირებას გამოიწვევს.

მისი შეფასებით, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ სწორედ ის თანამდებობის პირები, რომლებიც წარსულში ვიზალიბერალიზაციას ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთედ აღიარებდნენ, დღეს ამ მიღწევის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ.

„სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, დღეს საფრთხის ქვეშ დგას. ეს შედეგია იმ რეალობისა, რომელშიც ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ ჩაგვაყენა. ერთი და იგივე თანამდებობის პირები, რომლებიც იძახდნენ, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიკეთე, ცდილობენ ეს მიღწევა დაიყვანონ დისკომფორტამდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს სფერო, რომელზედაც ვიზალიბერალიზაციას რაიმე დადებითი გავლენა არ ჰქონოდეს. ეს ჩამონათვალი არის მრავალმხრივი, - ტურიზმის სექტორი, ავიახაზები, ფულადი გზავნილები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. არის სფეროები, სადაც ეს სიკეთეები დათვლადია და არის სფეროები, სადაც ამის ციფრებში გამოსახვა ნაკლებად შესაძლებელია“, - აღნიშნა თუშურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციამ ქვეყანაში არაერთი იაფი, პირდაპირი ფრენები განაპირობა, რამაც გამოიწვია ევროკავშირიდან ტურისტების მნიშვნელოვანი მატება. ის დასძენს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღებით, ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.

„2017 წლიდან მხოლოდ ორ წელში, ევროკავშირიდან ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა. ამ პერიოდში ტურისტული დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა. ამას პანდემია წამოეწია და გამოიწვია შემცირება, თუმცა მომდევნო წლებში, 2024 წელს ისევ დავუბრუნდით პანდემიამდელ ნიშნულს, რომელიც 2-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე.

გარდა ამისა, იაფი ავიახაზების შემოსვლა ქვეყანაში ძალიან დიდი შვება იყო ემიგრანტებისთვისაც, რომელიც საშუალებას აძლევდა მათ, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში, ენახათ ოჯახები“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები