მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიზიტორებისთვის მხოლოდ გემრიელი კერძების შეთავაზება საკმარისი არ არის" - როგორ ვითარდება გასტროტურიზმი საქართველოში?

გასტრონომია

გასტრონომიული ტურიზმი როგორც ტურიზმის ერთ-ერთი დამოუკიდებელი მიმართულება, ჩვენს ქვეყანაში ფეხს სულ უფრო მყარად იკიდებს. 8000-წლიანი ისტორიის ქართული ღვინისა და ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ავთენტური გემოს სინთეზი არის ის, რაც საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს სულ უფრო მეტად იზიდავთ. ინტერესის ზრდის პარალელურად მზარდია ის ხარჯიც, რასაც ვიზიტორები ქართულ გასტრონომიულ თავგადასავალში მონაწილეობისთვის გასწევენ.

ამ მოცემულობას გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციაშიც ადასტურებენ. როგორც მისი დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე ამბობს, მოთხოვნის ზრდის პარალელურად იზრდება მიწოდებაც და სულ უფრო მეტი მცირე მარანი ცდილობს, ღვინოსთან ერთად სტუმრებისთვის გასტრონომიული შეთავაზებებიც უზრუნველყოს.

"საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების 50%-ი დაინტერესებულია გასტრონომიით, ხოლო დაახლოებით 30%-ს თანაბრად აინტერესებს ღვინო და გასტრონომია. ეს მნიშვნელოვანია შემოსავლების თვალსაზრისითაც, რადგან შემოსული სტუმრების ხარჯის 30%-ი სწორედ კვებაზეა მიმართული. ნელ-ნელა მათ მოთხოვნებს ფეხს ვუწყობთ, რომ მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ, იხსნება უფრო მეტი რესტორანი, მათ შორის, კონცეპტუალური რესტორნები", - ამბობს ქეთი კვიჭიძე.

საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი რომ აქვს ამაზე დღეს არავინ დავობს, თუმცა, კითხვის ნიშნები ჩნდება მაშინ, როცა საუბარი ამ პოტენციალის სრულად ათვისებაზეა.

როგორც ქეთი კვიჭიძე განმარტავს, ვიზიტორებისთვის მხოლოდ გემრიელი კერძების შეთავაზება დღეს საკმარისი არ არის და მთავარია მას როგორ შევფუთავთ, სტუმარს რა ფორმით მივაწვდით და როგორ გავაცნობთ საერთაშორისო ბაზარს.

მისი თქმით, ტურიზმის ამ მიმართულების განვითარების პროცესში, მთავარი პრობლემა სერვისის და პროდუქციის ხარისხია.

"ყველაზე ძალიან რაშიც გვიჭირს, ეს არის სერვისი. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოა საჭირო. გარდა ამისა, ქვეყანაში ხარისხიანი პროდუქტის დეფიციტია. არ გვაქვს ნორმალური ყველი, რძე და ა.შ. მთავარი გამოწვევა, ვფიქრობ, სწორედ პროდუქტია, რადგან რაც არ უნდა გემრიელად ვამზადებდეთ, თუ პროდუქტი არ მოგვცემს საშუალებას, ვერაფერს ვიზამთ. სოფელში შეიძლება მოიხმარენ ხარისხიან და ნატურალურ პროდუქტს, რასაც სხვადასხვა რეგულაციებისა და საგადასახადო სისტემის გამო რესტორნებში ვერ მოვიხმართ. ამ საგადასახადო სისტემასაც უნდა მივხედოთ, ბევრმა ქვეყანამ დღგ რესტორნებისთვის დასწია. ამაზე ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ და იმედია, სახელმწიფოსთან რაიმე შედეგს მივაღწევთ ", - განმარტავს კვიჭიძე.

ამ ყველაფერთან ერთად, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ქართული გასტროტურიზმის პოპულარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის და საჭირო გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი და ძალისხმევაა.

"ეს ბიზნესი დგას სამ საფუძველზე, ეს არის: სერვისი, მარკეტინგული გაყიდვები და საწარმოო პროცესი. სამივე მათგანი თუ სინთეზშია, მაშინ ყველაფერი კარგად არის. სწორედ ეს ყველაფერი უნდა შევკრათ ერთად და უცხოეთში გავიტანოთ. საჭიროა, ძალიან დიდ მარკეტინგულ კამპანიებზე მუშაობა. ვფიქრობ, ქართული გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია საკმარისი არ არის და საჭიროა, უფრო მეტი თანხის ჩადება. სახელმწიფოს მხრიდან მეტი ინტერესია საჭირო. ეს ხომ მხოლოდ ჭამა-სმა არ არის, ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი, რომელიც კარგად უნდა შევფუთოთ და გავაცნოთ საერთაშორისო ბაზარს", - აღნიშნა გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა, ქეთი კვიჭიძემ.

საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის ფასი ერთწლიან ჭრილში საშუალოდ 30%-ით გაიზარდა. ფასის ზრდას გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციაში ერთი მხრივ პროდუქციის გაძვირებას, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესისთვის 40-საათიანი სამუშაო კვირის დანერგვას უკავშირებენ, რამაც დასაქმებულების ანაზღაურების ზრდა განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები