ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაიგებს საზოგადოება, მგონია, რომ იქნება ძალიან საინტერესო - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რას უკავშირდება დღეს, საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის სერია.
მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს და "მარჩიელობს".
"დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის უნდა იყოს ძალიან საინტერესო.
შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს ეს ინფორმაცია. მე, ვმარჩიელობ ახლა, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება იყოს საინტერესო", - განაცხადა პრემიერმა.
სოციალურ ქსელში ამ პირების ან მათი ოჯახის წევრების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, დღეს ფინანსური სამსახური შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა:
- ატლანტიკური საბჭოს ყველა ქართველ თანამშრომელთან, მათ შორის DFRLab-ის უფროს მკვლევარებთან, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილთან;
- ამერიკულ კომპანია Concentrix-ში, რომელიც თბილისის ცენტრში, ვაკე პლაზაში მდებარეობს, სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს;
- ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა აქტივისტი ძმების, ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლი.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა ქუთაისში მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლში. აქ, მიზეზად სამართალდამცველებმა ოჯახს უთხრეს, რომ ჩხრეკა ქოლცენტრს უკავშირდება.