საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე მუშაობს ევროპული პლატფორმის ჩამოყალიბებაზე, რაც რაც ქვეყანას არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს.
„დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. ყველამ იცის, რომ ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს. რომელიც ამ არჩევნებით თავის გზაზე დააბრუნებს საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალია მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც მეგობრები არიან პირველივე დღიდან, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. რომლებიც ყოველდღე გვეხმარებიან, მოგვცეს შანსი, რომ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირება, კანდიდატის სტატუსი. მეგობრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, იქნებიან ჩვენს გვერდით, როგორც კი ჩვენ ჩვენს გზას დავუბრუნდებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.