ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ქრონიკული მედიკამენტების სიის გაზრდაზე მუშაობს.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, ქრონიკული მედიკამენტების ბიუჯეტი, 2021 წელს, 24 მილიონამდე იყო და მისი გაორმაგებაც იგეგმება.
"ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს მოსახლეობა კიდევ უფრო კმაყოფილი რომ იყოს ჯანდაცვის სისტემით და დაფინანსებით. ესაა ქრონიკული წამლების ჩამონათვალის გაფართოება. ქრონიკული მედიკამენტები, რასაც სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში აფინანსებს საკმარისი არ არის და ვფიქრობთ, ამ მედიკამენტების სია კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებული დანახარჯები მინიმუმ გაორმაგდება. ამის ბიუჯეტი მაგალითად 2021 წელს, 24 მილიონამდე იყო", - განაცხადა მინისტრმა.
აზარაშვილის თქმითვე, მოსახლეობის კმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია დიალიზი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს: "მათი კმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სერვისზე წვდომის გაზრდა, ერთ-ერთია დიალიზზე ხელმისაწვდომობა".




























