ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ ის მეგობარი აქტის კენჭისყრაზე დადებითად გადაწყვეტის თაობაზე მუშაობს. ამასთან, უილსონი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზეც გეგმავს კენჭისყრას.
“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. “მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს”, - ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე.
„მეგობარი აქტი“ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ივლისში დაამტკიცა. კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა პალატის სრული შემადგენლობისთვის მის წარდგენასა და მხარდაჭერას, უილსონი ამბობს, რომ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია:
„ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც "მეგობარი აქტი" კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს”, - უთხრა კონგრესმენმა “ამერიკის ხმას”.
კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ შემუშავებული და კონგრესში წარდგენილი "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს საქართველოში რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას.