მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვმუშაობთ, რომ ბაზარზე სავალუტო რისკების ჰეჯირების ინსტრუმენტების მიწოდება გაიზარდოს - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულბელის განცხადებით, სებ-ი საკანონმდებლო ჩარჩოზე მუშაობს, რომელმაც ბაზარზე სავალუტო რისკების ჰეჯირების უფრო მეტი ინსტრუმენტის გაჩენას უნდა შეუწყოს ხელი.

როგორც ნათია თურნავამ BMG-ის განუცხადა, დღეს ბაზარზე არსებული სავალუტო რისკების დაზღვევის მექანიზმები ლიმიტირებულია, რის გამოც ეს ინსტრუმენტები ძვირია.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ მომავალში მსგავსი საფინანსო პროდუქტები საპენსიო ფონდსაც დასჭირდება, შესაბამისად, მარეგულირებელი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„საქართველოს მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკა აქვს, რომელიც სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადია. ამ მოწყვლადობის შესამცირებლად მიმართულია დედოლარიზაციის ანუ ჰეჯირების პოლიტიკა, რომელიც სავალუტო რყევების დროს იცავს ჩვენს მოქალაქეებს რომ მათ არ გაეზარდოთ ვალის ტვირთი. რაც შეეხება შედარებით მსხვილ ბიზნესს, რომელსაც მაინც აქვს შეხება უცხოურ ვალუტასთან, აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ჰეჯირების ინსტრუმენტი იყიდებოდეს ბაზარზე და სწორი კონიუქტურა იყოს.

დღეს ამ კუთხით ბაზარზე გამოწვევები არის, რადგან ეს ინსტრუმენტები ძვირია, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მიწოდებაც ლიმიტირებულია. ჩვენ ამ მიმართულებით საპენსიო ფონდის გააქტიურებასაც ვფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ფონდის აქტივების 80% ლარშია, მათი მხრიდან დიდი მოთხოვნა წამოვა ჰეჯირების ინსტრუმენტებზე. ეს ჩვენ უფრო მეტად გვაყენებს აუცილებლობის წინაშე, რომ უფრო მეტად მრავალფეროვანი ინსტრუმენტი იყოს ბაზარზე მიწოდებული. ეროვნული ბანკი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც ხელს შეუწყობს ჰეჯირების ინსტრუმენტების მრავალფეროვნებას და უფრო მეტად მიწოდებას ბაზარზე, რაც მათ ხელმისაწვდომობასაც დაარეგულირებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი საფინანსო ბაზარზე სავალუტო რისკის ჰეჯირების ინსტრუმენტების გამოყენების სირთულეზე საუბრობს. კერძო სექტორი აცხადებს, რომ კომერციულ ბანკებში დღეს არსებული სავალუტო რისკის დაზღვევის პროდუქტები საკმაოდ ძვირია, რის გამოც მათზე მოთხოვნა დაბალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები