პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დედოლარიზაციის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, ამჟამად სებ-ის სამიზნეს არამხოლოდ დოლარიზაციის შემცირება, არამედ მომხმარებელთა სავალუტო მოწყლვადობის შემცირება წარმოადგენს. საკრედიტო მიმართულებით დოლარიზაციის შემცირების სამიზნედ ეროვნული ბანკი მთლიანი პორტფელის 30%-ს მიიჩნევს, შედარებისთვის ამჟამად კრედიტების 45% არის უცხოურ ვალუტაში ნომინირებული, ორი წლის წინ კი უცხოური ვალუტის წილი 51%-ს აჭარბებდა.
ეროვნულმა ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ოქტომბერში 200,000 ლარამდე უცხოური ვალუტის სესხების გაცემის აკრძალვა შეცვალა ახალი მიდგომით. პირები, რომლებსაც შემოსავალი აქვთ უცხოურ ვალუტაში შეუზღუდავად აიღებენ სავალუტო სესხებს, ხოლო ისინი ვისაც ლარში აქვთ შემოსავალი, სავალუტო სესხს აიღებენ მხოლოდ მაშინ თუკი სესხის მოცულობა 300,000 ლარს აჭარბებს. ნათია თურნავას განმარტებით ეს ახალი მიდგომა დედოლარიზაციის პოლიტიკაში ჰეჯირების ელემენტების უფრო ფართოდ ათვისებას ემსახურება.
“მაღალი დოლარიზაცია, რომ პრობლემაა ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არაა და ეს არის ის მთავარი რისკი, რასაც მიუთითებენ წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები და ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვის, როდესაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოში დააბანდონ თავისი კაპიტალი ერთ-ერთი რისკია ის, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არის საკმაოდ დიდი რაოდენობა საბანკო სისტემის მოწყვლადი მომხმარებლების, ვინც არ არის ჰეჯირებული, არ არის დაცული სავალუტო რისკებისგან. აქედან გამომდინარე შეუძლებელია, რომ ჩვენ როგორც საქართველოს ეროვნულმა გადავდგით ნაბიჯები, რომ სულ უფრო მეტ მომხმარებელს, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი იყოს ჰეჯირებული, ანუ სავალუტო კურსის ცვალებადობისგან იყოს უფრო მეტად დაცული, ეს არის მოცემულობა. ჩვენი მანდატის ერთ-ერთი ამოცანაა ფინანსური სტაბილურობა და ეს არის ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯი.
რა სიახლე შემოვიტანეთ ჩვენ, მეტი აქცენტი გავაკეთეთ ჰეჯირებაზე და არა მხოლოდ დედოლარიზაციაზე. დედოლარიზაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. თვითმიზანი არის მომხმარებელთა დაცულობის დონის და ჰეჯირების გაზრდა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ჭერი რრაც არსებობს ლარში ასაღები სესხის არაჰეჯირებული მომხმარებლებისთვის. პარალელურად, იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ იმავე ვალუტაში აიღონ ნებისმიერი რაოდენობის სესხი. ეს არის გადადგმული ნაბიჯი უფრო ჰეჯირებისკენ რაც ნიშნავს, რომ რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი ადამიანს თუ იურიდიულ პირს, იმ ვალუტაში ჰქონდეს მას სესხის აღების შესაძლებლობა.
უნდა ითქვას ისიც, თუ რა არის დოლარიზაციის ოპტიმალური დონე, დღევანდელი გათვლებით ეს არის მთლიანი სასესხო პორტფელის დაახლოებით 30%, ჩვენ დღეს ჯერ კიდევ შორს ვართ ამ მიზნისგან, თუმცა წლების განმავლობაში გატარებულმა ღონისძიებებმა შეამცირა დოლარიზაციის დონე. შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების მხრივ 50% არის ჯერ კიდევ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული, სესხებთან დაკავშირებით ეს არის 45%. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ საბანკო სექტორთან ერთად, თავად ბანკებიც არიან დაინტერესებულები რომ მათი მომხმარებლები იყვნენ უფრო დაცულები,”- განაცხადა ნათია თურნავამ.