ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა.
მათი ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდათ და სააგენტო წინასწარ შეფასებაზე მუშაობს, თუ რა ტიპის მედიკამენტებია და ამ ტიპის მედიკამენტების ბაზარი, როგორი სტრუქტურით არის წარმოდგენილი.
„შესაძლოა ეს იყოს კონკრეტული მედიკამენტების ბაზარზე არაკეთილსინდისიერი შეთანხმების შესაძლო შემთხვევა. შეიძლება ეს იყოს შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენება, რაც შეიძლება იყოს ასახული ჭარბ ფასში. ან სხვა საკითხები, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვმუშაობთ წინასწარ შეფასებაზე, - რა ტიპის მედიკამენტებია; ამ ტიპის მედიკამენტების ბაზარი რეალურად, როგორი სტრუქტურით არის წარმოდგენილი; არიან იქ თუ არა დომინანტები და ა.შ“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 2023 წლის 15 თებერვლიდან აღარ შეუძლიათ.მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.