მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დამატებაზე” - Artisio

649d3d0b03b4e
ნანუკა ნარიმანიძე
29.06.23 21:55
652
გაზაფხულის მიწურულს Startup Connect-ის ორგანიზებით, ბათუმში გამართულ “საქართველოს სტარტაპ სამიტი”-ზე, ქართულმა Artisio -მ გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ Artisio სააუქციონო სახლების საოპერაციო მენეჯმენტისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელია. სამიტზე გლობალური გამოცდილების მქონე ვენჩერული კაპიტალისტები და ანგელოზი ინვესტორები მონაწილეობდნენ.

Artisio გახდა ის ქართული სტარტაპი, რომელიც ნოემბერში, კალიფორნიაში გაემგზავრება, სადაც გლობალურ შეჯიბრში, მილიონი დოლარისთვის იბრძოლებს.

კალიფორნიის გამოფენასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე Artisio-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა ბერდია ყამარაულმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

“ვემზადებით კალიფორნიისთვის, მიდის მუშაობა, რათა დავამატოთ უკეთესი სისტემები, ძირითადი მიმართულება ხელოვნურ ინტელექტზე გვექნება აღებული, როდესაც აუქციონის სახლები იყენებენ Artisio-ს, ამ დროს ხდება ბევრი მონაცემების დაგროვება, რისი დამუშავება და საუკეთესო ფასის შეთავაზებაც ძალიან რთულია, ჩვენი შექმნილი ხელოვნური ინტელექტი შეძლებს ამ მონაცემების დამუშავებას და საუკეთესო საწყისი ფასის შეთავაზებას, გვსურს კალიფორნიაში უკეთესი სისტემა გავიტანოთ, რადგან იქ წარმოდგენილი იქნება 50 საუკეთესო სტარტაპი,  თავისი პროდუქტით, ჩვენ კი მოგების ამბიცია გვაქვს”, - განმარტა მან.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებელმა Artisio-ს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

“ამ მომენტში 20 კლიენტი გვყავს, საკმაოდ დიდი კომპანიები, ახლახან შევედით საფრანგეთის ბაზარზე, შემოთავაზებები შემოგვივიდა ბრაზილიიდანაც, შესაბამისად, სამომავლოდ აუცილებლად გავფართოვდებით, გარდა ამისა, ვამატებთ თანამშრომლებს, რადგან მოთხოვნა ჩვენს პროდუქტზე ძალიან იზრდება”, - აღნიშნა ყამარაულმა.

ცნობისთვის: Artisio სააუქციონო სახლებისთვის შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს, რომელიც მათ ყოველდღიური მენეჯმენტის გამარტივებისა და საკუთარი პროდუქციის აუქციონზე გაყიდვის საშუალებას აძლევს. კომპანიას ორი ოფისი აქვს: დეველოპმენტსა და პროდუქტზე მომუშავე გუნდი თბილისში არის ბაზირებული, გაყიდვების გუნდი კი - ლონდონში. ამ ეტაპზე, Artisio-ს პროგრამულ უზრუნველყოფას მსოფლიოს რვა ქვეყანაში იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები