"ვნახოთ, გავივლით კონსულტაციებს" - ასე უპასუხა "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა "ფასების სამთავრობო კომისიასთან" შეხვედრამდე ჟურნალისტების კითხვას: აქვს თუ არა "სოკარს" იმის რესურსი, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასები შემცირდეს.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, "ფასების კომისია" ნავთობპროდუქტების კომპანიათა წარმომადგენელებს ამ წუთებში ხვდება.
"ეს კონსულტაციების პირველი ეტაპია. ვნახოთ, გავივლით კონსულტაციებს საკოორდინაციო კომისიასთან და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უფრო დეტალურად გეტყვით", - განაცხადა ნოდარ ყანჩაველმა.
პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. კომისია 26 იანვარს - მწარმოებლებს, 28 იანვარს კი ფარმასექტორს შეხვდა.




























