მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ" - კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

ზურაბიშვილი კობახიძე

"29 დეკემბერს გაირკვევა, სად გააგრძელებს ცხოვრებას სალომე ზურაბიშვილი, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის ნორმები", – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

"ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს საკუთარ თანამდებობაზე და ამ ერთი კვირის განმავლობაში, ის ვერაფერს გაკეთებს. მართალია, ზოგი ევროპელი ჩინოვნიკი გვარწმუნებს, რომ 29 დეკემბრამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება. 29 დეკემბერს გაირკვევა, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] საქმიანობას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის ნორმები", - თქვა "ქართული ოცნების" პრემიერმა.

მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის რიგებში ახლა ისტერიული მსჯელობები წარიმართება.

„ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში. ასევე, კიდევ უფრო დაუმძიმდა ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს და ამ ისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის. მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლებს შორის. გვეუბნებიან, რომ მათ სერიოზული მსჯელობა ჰქონდათ არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. რეალურად, ოპოზიციური სპექტრი და „ენჯეოები“ სწორედ იმ განზრახვით შეკრიბა, რომ მას გუშინ საპარლამენტო არჩევნები უნდა დაენიშნა. მიზანი ცხადი იყო - აჟიოტაჟის შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, შედგა პრეზიდენტის ბრიფინგი, თუმცა, საბოლოოდ, ახალი არჩევნების დანიშვნის ინიციატივა არ გაჟღერდა.

„ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები