მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაერთი მიზეზია, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უღალატა კონსტიტუციას. საკითხზე მან პარლამენტში, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც ამ წუთებში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობენ.

“კონსტიტუციის ღალატი არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე, არაერთი მიზეზია, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას. სიმბოლურად ის არის მოხსენიებული, როგორც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლური გარანტი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით და ამ ფონზე პრეზიდენტი დაპირისპირებულია ქვეყანაში მოქმედ ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან. როგორ შეიძლება ამის შემდეგ იკავებდეს პრეზიდენტის თანამდებობას? მეორე მთავარი მიზეზი ის არის, რომ, ის სულ უფრო ხშირად არღვევს ეთიკის წესებს და აკეთებს განცხადებებს, რომელიც ზრდილობას არის გაცდენილი.

რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ გამოიყენა ტერმინი “პატარა კაცები” , მსგავსი ტერმინი მას ნიკა გვარამიასთვისაც არ უწოდებია, რომელიც მოგვიანებით შეიწყალა კიდეც. ეს ადამიანი პოლიტიკურად იქ არის, სადაც ქართველის ყოფნა არ შეიძლება - “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში”. თქვენ პატარა კაცები უწოდეთ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი გამარჯვება უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე, რადგან არავის უნდოდით პრეზიდენტად, არც პირველ ტურში, არც მეორეში. პატივი ვეცით თქვენს წინაპრებს, სხვა გარემოებებს და გახდით პრეზიდენტი. თქვენ იმიტომ აგირჩიეს, რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, თორემ გრიგოლ ვაშაძეს პიროვნულად შეიძლება არც ერჩოდნენ, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის”, - მიმართა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს, რომელიც სასესიო დარბაზში იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები