მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვნახეთ უკუსვლა კანონის უზენაესობის, მმართველობის და ადამიანის უფლებების სფეროებში“ - ბორელი ასოცირების შეთანხმებაზე

62f7db117aab8
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.22 21:30
2282
„ვნახეთ უკუსვლა კანონის უზენაესობის, მმართველობის და ადამიანის უფლებების სფეროებში“ - ასე აფასებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას. მის განცხადებასა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების წლიურ ანგარიშს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19 პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ კი განაცხადა, რომ დღეს ევროასოცირების გზაზე ბურთი საქართველოს მოედანზეა.

„მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით“, - განაცხადა ვარჰეიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები