დღეს, 500Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლის წინაშე აზერბაიჯანში დაფუძნებული პლატფორმა, Voiceloft-ი წარსდგა, რომელიც ხმოვანი მონაცემების შეგროვებით მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს.
Voiceloft-ის თანადამფუძნებლის, თოღრულ სამადოვის განცხადებით, პლატფორმის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამადოვმა Google-ის სერვისის გამოყენების შემდეგ არაერთი უზუსტობა აღმოაჩინა, ალტერნატიულმა ვარიანტებმაც არ გაამართლეს და ამიტომაც მეწარმეებმა გადაწყვიტეს, პრობლემა თავად გადაეჭრათ.
„სულ რაღაც ცხრა თვეში ჩვენ 400,000 დოლარის შემოსავალი მივიღეთ, ჩვენი ბიზნესპლატფორმა გამართულია და დამტკიცებული.
მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სიზუსტეა და მაღალი სიზუსტის მისაღწევად, მონაცემთა დიდი მასალა უნდა შეგროვდეს. მონაცემთა ნაკრები კი გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოსამზადებლად. თუმცა, ამ მონაცემების შეგროვება ძვირია და, საშუალოდ, 100$-დან 200$-მდე ღირს საათში, რაც ზღუდავს ახალი ენის მოდელების შემუშავებას. აქედან გამომდინარე, ბაზრის ამჟამინდელი მოთამაშეები ყურადღებას ამახვილებენ ძირითად ენებზე, კერძოდ - ინგლისურ და ევროპულ ენებზე. სინამდვილეში, მეტყველების ამოცნობის ყველა ხელმისაწვდომი გადაწყვეტილების მხოლოდ 6% მოიცავს სხვა ენებს, რომლებზეც 3 მილიარდზე მეტი ადამიანი საუბრობს.
Voiceloft-მა თავისი crowdsourcing პლატფორმის მეშვეობით, შეძლო მონაცემთა შეგროვების ხარჯების შემცირება საათში 1$-მდე. ამ მიდგომამ საშუალება მისცა Voiceloft-ს მიეღწია 95%-იანი სიზუსტისთვის აზერბაიჯანულ ენაზე, Google-ის 44%-თან შედარებით. Voiceloft-მა შექმნა უნივერსალური მოდელები 10-ზე მეტი ახალი ენისთვის სულ რაღაც 3 თვეში, რაც ბიზნესის მასშტაბურობისა და პოტენციალის მტკიცებულებაა.
ჩვენი მიზანია, შევაგროვოთ 2 მილიონი აშშ დოლარი მომდევნო 6 თვეში, რათა შევძლოთ ახალი ენების მოდელების შექმნა, შემდეგ უფრო მეტი კლიენტი მოვიზიდოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ და გავაფართოოთ ჩვენი ბიზნესი გლობალურად. ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავუკავშირდით წინა ინვესტორებს და ვენჩურული კაპიტალის ახალ კომპანიებს შუა აღმოსავლეთში. მათი მხრიდან დიდი ინტერესი დავინახეთ, თუმცა, მათ მეტი ხელჩასაჭიდი სჭირდებოდათ. მას შემდეგ ჩვენ დავამატეთ 10-ზე მეტი ენა, გავაორმაგეთ ჩვენი შემოსავალი და შევუერთდით 500Georgia- ს პროგრამას. შესაბამისად, უკვე ველით, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში შევძლებთ საჭირო კაპიტალის მოზიდვას ადგილობრივი და აშშ-ში დაფუძნებულ ვენჩურული კაპიტალის კომპანიებისგან, რომლებსაც პროგრამის შემდეგ სილიკონ ველიში შევხვდებით“, - განაცხადა თოღრულ სამადოვმა.
ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.




























