მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვოლგოგრადში Lukoil-ის ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა

Lukoil

რუსეთის, „ლუკოილის“ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ვოლგოგრადის გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 აგვისტოს ღამის საათებში უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი შეტევა მოიგერიეს. „საფრენი აპარატების ნამსხვრევების ვარდნამ ვოლგოგრადის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ნავთოპროდუქტების დაღვრა და აალება გამოიწვია. სახანძრო სამსახურებმა ხანძრის ჩაქრობა დროულად დაიწყეს. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან“, - განაცხადა ანდრეი ბოჩაროვმა.

რუსეთის სამხრეთის ოლქში ვოლგოგრადის „ლუკოილ - ვოლგოგრადნავთობგადამუშავების“ უმსხვილესი ქარხანა მდებარეობს, რომლის სიმძლავრე 14.8 მლნ ტონაა. რუსული მედია ტელეგრამ არხ BAZA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი სწორედ ამ ქარხანაში გაჩნდა. “ლუკოილის“ სხვა ქარხნები პერმში, ნიჟნი ნოვგოროდსა და უხტაშია განთავსებული.

Meduza წერს, რომ უკრაინული საფრენი აპარატების თავდასხმის გამო ვოლგოგრადის აეროპორტში თვითმფრინავის მიღება და გაფრენა დროებით შეჩერებული იყო, შედეგად შეფერხდა ფრენები სოჭიდან და მოსკოვიდან. გამოცემის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ვოლგოგრადს მეორე ღამეა უტევენ. გასულ ღამეს კი საფრენი აპარატების ნაწილები 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ადგილობრივები ტელეგრამში წერდნენ, რომ დრონები ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისკენ მიფრინავდნენ.

ვოლგოგრადის რეგიონში მდებარე „ლუკოილის“ ქარხანა დრონების თავდასხმის ობიექტი პირველად არ გამხდარა. თავდასხმების შემდეგ ხელისუფლება პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ქარხანაში "ლოკალიზებული ხანძრის" შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები