Volkswagen გერმანიის მასშტაბით მინიმუმ სამი ქარხნის დახურვას, ათობით ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას და ხელფასების 10%-ით შემცირებას გეგმავს - ამის შესახებ Financial Times-ი, კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, კომპანია თავისი 87-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად დახურავს შიდა საწარმოებს. ამასთან, კომპანიას ბრძოლის გადახდა მოუწევს გერმანიის ძლიერ პროფკავშირებთან და პოლიტიკოსებთანაც - VW ქვეყანაში 300 000 ადამიანს ასაქმებს.
კომპანიის მმართველობის განცხადებით, რადიკალური ზომების მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა ჩინეთისგან მზარდ კონკურენციას, მსხვილ ბაზრებზე მოთხოვნისა და გაყიდვების შემცირებასა და ელექტრომობილების წარმოებაზე გადასასვლელად ხარჯების ზრდას გაუძლოს.
კომპანიის სამუშაო საბჭოს წარმომადგენლის ინფორმაციით, დასახურ ქარხნებს VW იმ 10 საწარმოდან აარჩევს, რომელიც ავტომწარმოებლის მთავარ ბრენდს ამარაგებს.
როგორც Volkswagen-ის ბრენდის ხელმძღვანელმა, ტომას შაფერმა განაცხადა, კომპანიას ზოგიერთი გერმანული საწარმოს შენახვა იმაზე ძვირი უჯდება, ვიდრე მის კონკურენტებს.
"ამჟამად ჩვენი მანქანების წყალობით ძალიან ცოტას გამოვიმუშავებთ. ამასთან, ჩვენი ხარჯები ელექტროენერგიისთვის, მასალებისა და პერსონალისთვის - იზრდება. ამ კალკულაციით გრძელვადიანად ვერ ვიმუშავებთ", - განაცხადა შაფერმა.
ევროპის უმსხვილესი პროფკავშირების წარმომადგენელი FT-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხარჯების შემცირება კომპანიას გაცილებით ძვირად დაუჯდება: "ეს გამოიწვევს იმხელა წინააღმდეგობას, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ".
თავის მხრივ, გერმანელი პოლიტიკოსები კომპანიის კრიზისს არასათანადო მენეჯმენტს აბრალებენ. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის წარმომადგენელი მედიასთან აღნიშნავს, რომ კომპანია არასწორი მმართველობის გამო თანამშრომლების დათხოვნის შედეგების შესახებ უკვე გაფრთხილებულია.
როგორც სხვა გერმანელი ავტომწარმოებლები, Volkswagen ჩინეთის ბაზარზე მოგების შემცირებას განიცდის - მომხმარებელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოების ბრენდებზე, მაგალითად BYD-ზე გადადის.
გერმანული ჯგუფი, გასულ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს 5.6%-იან მოგების მარჟას ვარაუდობს, რაც შემცირებული მაჩვენებელია მანამდე პროგნოზირებული 6.5-7%-დან.