გერმანულმა ავტოგიგანტმა Volkswagen-მა 2026 წლის მეორე კვარტალში €3.5 მილიარდის ($3.98 მლრდ.) საოპერაციო მოგება მიიღო. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. არსებული ინფორმაციით, კომპანიის შედეგებმა LSEG-ის ანალიტიკოსების პროგნოზი ვერ გაამართლა. ექსპერტებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ავტოკონცერნი €4.3 მილიარდის შემოსავალს მიიღებდა. მთლიანად Volkswagen Group-ის, როგორც ჰოლდინგის შემოსავალმა €82.4 მილიარდი შეადგინა.
სუსტი ფინანსური შედეგების ფონზე ავტომწარმოებელმა მასშტაბურ რესტრუქტურიზაცია კიდევ ერთხელ დააანონსა. კომპანიამ დაადასტურა, რომ 100,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს, რაც მანამდე გამოცხადებულ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
აღმასრულებელი დირექტორის, ოლლივერ ბლუმის განცხადებით, ჯგუფის დანახარჯები კონკურენტებთან შედარებით 20%-ით მაღალია, რის გამოც ხარჯების შემცირება აუცილებელია. ამ ეტაპზე კონცერნი გერმანიაში მდებარე ოთხი ქარხნის ალტერნატიული მიზნებისთვის გამოყენებას ვერ ახერხებს. შესაბამისად, მათ გასხვისებასაც განიხილავს.
რაც შეეხება წლიურ პროგნოზებს, Volkswagen-მა 2026 წლის შემოსავლების ზრდის მოლოდინზე არაფერი თქვა. კომპანიის ვარაუდით, მიმდინარე წელს გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი არათუ გაიზრდება, არამედ 3%-ით შეიძლება შემცირდეს. ეს მაშინ როცა წლის დასაწყისში ავტოკონცერნში 3%-იან ზრდას ელოდნენ.
ფინანსურ მაჩვენებლებზე უარყოფითად ჩინურ ბრენდებთან გამწვავებული კონკურენცია და მილიარდობით ევროს სატარიფო ხარჯები მოქმედებს. ნეგატიური ანგარიშის ფონზე Volkswagen-ის აქციების ფასი ევროპულ საფონდო ბირჟაზე უკვე 3%-ით შემცირდა. ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან კომპანიის საბაზრო ღირებულება თითქმის 30%-ით არის შემცირებული.




























