საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება წარმატებით შედგა. გერმანულმა Volkswagen Group-მა, რომელიც VW-ს, Audi-ს, Porsche-ს, Lamborghini-სა და Bugatti-ს აერთიანებს, ამერიკულ ელექტრომობილების მწარმოებელ Rivian-ში 5 მილიარდი დოლარის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო.
გარიგების შედეგად, გერმანული და ამერიკული კომპანია ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომლის მიზანი ახალი თაობის ავტომობილებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის, ავტოპილოტის შექმნა იქნება.
საქმე ისაა, რომ VW Group-ის ძველმა კონტრაქტორმა კომპანიამ, რომელსაც ჰოლდინგისთვის ციფრული სისტემა უნდა შეექმნა, თითქმის ორი წლით დააგვიანა სამუშაოს შესრულება და ჩაბარებულმა პროდუქტმა Porsche-სა და Audi-ს სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც მისი თავიდან შექმნა გახდა საჭირო.
როგორც VW Group-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, მსგავსი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს, ამიტომ კომპანიამ თავად უნდა შექმნას საკუთარი პროგრამა, რომელშიც მას ამერიკული სტარტაპი დაეხმარება. მოგეხსენებათ, გერმანელებს ავტომობილების წარმოებაში ბადალი არ ჰყავთ, თუმცა პროგრამულ უზრუნველყოფაში მათ ამერიკელები უსწრებენ, ამიტომ Volkswagen-მა Rivian-ის სახით საუკეთესო ბიზნესპარტნიორი შეარჩია, რომელიც VW Group-ს საკუთარ ტექნიკურ ცოდნას გაუზიარებს.
როგორც ცნობილია, ახალი პროგრამით აღჭურვილ ავტომობილებს ბაზარზე 2030 წლამდე აუცილებლად ვიხილავთ.
უნდა აღინიშნოს, რომ $5-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებული სიახლის გავრცელების ფონზე, Rivian-ის აქციების ღირებულება ბირჟაზე თითქმის 40%-ით გაიზარდა.