უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, რის შემდეგაც თურქეთთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალი ეტაპი დააანონსა.
მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ახალი ნაბიჯების“ შესახებ, რომელთა დეტალებზეც მუშაობას სამუშაო ჯგუფები უახლოეს პერიოდში დაასრულებენ. ზელენსკის განცხადებით, კიევი მზად არის, თურქულ მხარეს საკუთარი გამოცდილება, ტექნოლოგიები და ის ცოდნა გაუზიაროს, რომელიც ქვეყანამ ოთხწლიანი ომის განმავლობაში მტრული, ირანული და რუსული დრონების მოგერიების კუთხით დააგროვა. აღსანიშნი ფაქტია, რომ უკრაინამ ბოლო პერიოდში მსგავსი ხელშეკრულებები საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და კატართანაც გააფორმა, რითაც ახლო აღმოსავლეთში თავდაცვის სექტორში საკუთარი გავლენები გააძლიერა.
ზელენსკი-ერდოღანს შორის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა იყო. როგორც ცნობილია, გასულ კვირას სტამბოლის სრუტესთან რუსეთიდან მომავალ ნავთობტანკერზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას თურქეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. პრეზიდენტებმა განიხილეს გაზის ინფრასტრუქტურის ერთობლივი პროექტები და საბადოების ათვისების შესაძლებლობებიც. პარალელურად, ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მზადყოფნა, უშუამავლოს უკრაინასა და რუსეთს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.
სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე შეხვდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი საეკლესიო სიახლეები არ დაანონსებულა.




























