მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ზელენსკი და სტოლტენბერგი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილო-ამერიკული სამხედრო ალიანსის (NATO) გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა - შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართა, სადაც “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” მიმდინარეობს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა “ტელეგრამის” ოფიციალურ არხზე დაწერა, მხარეებმა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის უკრაინის საჰაერო-თავდაცვით სისტემის გაძლიერება და ომში მყოფი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება.

“შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორც ფრონტზე არსებული მდგომარეობა, ასევე თავდაცვითი ხელსაწყოები, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის. ამასთან, მიმოვიხილეთ NATO-ს შემდეგი სამიტისთვის მზადების პროცესი და ის სამუშაო, რომელიც ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებების საფუძველზე G7-ის დეკლარაციის ფარგლებში პარტნიორებთან შეთანხმებით გავწიეთ - ეს შეთანხმებები ძალაში მაშინ შევა, როცა უკრაინა NATO-ს წევრი გახდება”, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსიმ “ტელეგრამზე” და ჩრდილო-ამერიკულ სამხედრო ალიანსს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ოფიციალურ კიევს, როგორც ცნობილია, NATO-ში გაწევრიანება დაჩქარებული წესით სურს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო, ჩრდილო-ამერიკულ სამხედრო ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების ბედი, ჯერაც გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები