17 თებერვალს გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სიტყვით გამოსვლისას რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინის დასამარცხებლად ყველა უნდა გაერთიანდეს, რადგან ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, მისი ძალაუფლება სახიფათოა.
ზელენსკიმ ვრცლად ისაუბრა რუსულ ომის დანაშაულზე, მათ შორის მათზე, რომელიც პუტინმა საქართველოში ჩაიდინა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალება კონფერენციის დაწყებამდე, მესიჯი იყო რუსეთის პრეზიდენტისგან.
“არ უნდა გვეშინოდეს პუტინის დამარცხების. პუტინი სახიფათოა ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. და დიახ, მათთვის ვისაც ჯერ არ გაგიგიათ: პუტინი ურჩხულია, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და დახოცა ათასობით ადამიანი, გაიტაცა ათი ათასობით უკრაინელი ბავშვი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
პუტინმა დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში, მოაკვლევინა ოპონენტები როგორც კრემლის მიღმა, ისე ლონდონისა და ბერლინის შუაგულში. და დიახ, გუშინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნასთან ერთად, მან მკაფიო მესიჯი გამოგვიგზავნა - პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი.
ამიტომ გთხოვთ, ნუ გეშინიათ პუტინის დამარცხების, მისი რეჟიმის დამხობის. პირიქით - ვიმუშაოთ ერთად, რათა ერთად გავანადგუროთ ყველაფერი, რისთვისაც ის იღვწვის. დამარცხებაა მისი ბედისწერაა, და არა - მსოფლიო წესრიგის გაქრობა”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის დაძვრენის და არიდების მექანიზმები უნდა გაქრეს, რადგან დღემდე რჩებიან რუსული ეკონომიკის სექტორები, რომლებსაც სანქციები საერთოდ არ შეხებიან. განსაკუთრებული ყურადღება ზელენსკიმ ატომურ სექტორზე გაამახვილა.
ცნობისთვის, მიუნხენში, მსოფლიო უსაფრთხოების კონფერენციას სალომე ზურაბიშვილიც ესწრება. პრეზიდენტი გერმანიაში საკუთარი სახსრებით, მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა.