კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
აშშ ელექტრომობილების წარმოებაში ჩინეთის როლს ზღუდავს - BBC
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ახალი წესი შემოიღო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში წარმოებულ და გაყიდულ ელექტრომობილებში ჩინური კომპონენტების ჩაშენებაზე ლიმიტს აწესებს. BBC-ის ცნობით, შეზღუდვის მიზანი ამერიკაში საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას ემსახურება, თუმცა კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ მან შესაძლოა ელექტრომობილების ტექნოლოგიების ათვისება შეაფერხოს. ჩინური კომპანიები ელექტრომობილებში შემავალი ბატარეების და სხვა კომპონენტების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლები არიან, თუმცა აშშ-ის პოლიტიკოსები ქვეყნის ჩინეთზე დამოკიდებულებას ეკონომიკურ და უსაფრთხოებით რისკებად აღიქვამენ. კრიტიკის ობიექტები ხდებიან მსხვილი ამერიკული წარმოებებიც, რომლებიც ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობენ. გასულ წელს კონგრესმა საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებისთვის კომპანიების სახელმწიფო გადასახადები 1 მლრდ-ით შეამცირა. უფრო კონკრეტულად, პროექტი ითვალისწინებდა $7 500-მდე გადასახადის გაუქმებას თითოეულ ელექტრომობილზე, რომელიც აშშ-შია წარმოებული. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონმა აშშ-ს $100 მილიარდამდე კერძო ინვესტიცია მოუტანა.
ნოემბერში, BYD-მ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გაყიდა
ელექტრომობილების მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, ჩინურმა BYD-მ ნოემბერში ავტომობილების გაყიდვის ახალი რეკორდი დაამყარა. ეს დიდწილად, ავტომობილებზე ფასების შემცირებამ განაპირობა. გასულ თვეს, ჩინურმა გიგანტმა 301,378 ელექტრომობილი და ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, რაც დაახლოებით ისეთივე მაჩვენებელია, რაც ოქტომბერში, მაგრამ ერთბაშად 31%-ით, ანუ მესამედით მეტია, ვიდრე შარშან.
რამდენი ელექტრომობილი გაყიდა BYD-ის მთავარმა კონკურენტმა, ამერიკულმა Tesla-მ უცნობია, რადგან ის ყოველთვიურ სტატისტიკას არ ასაჯაროებს. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ივლისიდან სექტემბრამდე, Tesla-მ 435,059 ელექტრომობილი გაყიდა.
მიმდინარე წელს, ჩინური კომპანია სამი მილიონი ჰიბრიდული ავტომობილისა და ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს და ამ დრომდე, გეგმის 89% უკვე შესრულებულია. ამბიციური გეგმები აქვს Tesla-საც, რომელმაც გასულ კვირას ოთხი წლის წინ დაანონსებული ელექტროპიკაპის, Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო, რაც, სავარაუდოდ, ამერიკულ კომპანიას წელს ელექტრომობილების გაყიდვის 1.8-მილიონიანი გეგმის შესრულებასთან დააახლოებს.
Volvo-ს გაყიდვები 8%-ით გაიზარდა
Volvo Cars-ის გაყიდვები ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 63,682 მანქანას მიაღწია. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს, კომპანიაზე დაყრდნობით. Volvo Cars-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოემბერში ევროპის მასშტაბით გაყიდული ავტომობილების 50% სრულად ელექტრო და ჰიბრიდულ მოდელებზე მოდიოდა. Volvo-ს გაყიდვები შეერთებულ შტატებშიც გაეზარდა, ზრდის მაჩვენებელი 26%-ია, ზრდა არის ჩინეთის ბაზარზეც +21%. ევროპაში კი გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი ნოემბერში 2%-ი იყო.
Volvo Retail Experience - ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში „ვოლვო ქარ საქართველოს“ სრულიად ახალი შოურუმი გაიხსნა. ვოლვოს სტანდარტების მიხედვით აშენებული სივრცე ზუსტად იმეორებს სკანდინავიურ სტილს და საავტომობილო სივრცეში მომსახურების ახალი, ინდივიდუალური მიდგომა შემოაქვს.
ახალი შოურუმის გახსნის ღონისძიება, თიბისისა და საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანია "ევროპქარის" მხარდაჭერით გაიმართა. გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ "ვოლვო ქარსის" აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრო შვედეთის ელჩი საქართველოში ანა ლიბერი. სტუმრებს შორის იყვნენ კომპანიის პარტნიორები და მედიის წარმომადგენლებიც. მასშტაბურ ღონისძიებას ჯამში 700 - მდე სტუმარი დაესწრო.
პროექტისათვის 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
გამონაბოლქვისთვის შეუსაბამო ნორმებისთვის 3 თვეში 2460 ჯარიმა გამოიწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
ამასთან, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1149 დარღვევა გამოავლინეს თბილისში, 525 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 432 - ბათუმში, 354 - ქალაქ რუსთავში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.