საინვესტიციო კომპანია Vanguard-ის ინდექს ფონდმა (ETF), რომელიც S&P 500-ის ინდექსს ასახავს, საინვესტიციო ფონდების ისტორიაში პირველად, მართვაში არსებული აქტივების მოცულობით $1-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა, რაც ახალი რეკორდია.
Bloomberg-ის მონაცემებით, VOO-ს სავაჭრო სიმბოლოთი ცნობილმა ფონდმა ამ ზღვარს ბოლო სავაჭრო სესიაზე მიაღწია, როდესაც ფონდში $1.7 მილიარდის ოდენობის კაპიტალის შემოტანა დაფიქსირდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ VOO-ს წლიური მომსახურების საკომისიო 0.03%-ს შეადგენს, რაც State Street Investment Management-ის მიერ მართული, ალტერნატიული SPDR S&P 500 ETF ფონდის საკომისიოზე სამჯერ ნაკლებია, რომლის ანალოგიური მაჩვენებელიც 0.09%-ია.
S&P 500-ის ინდექსზე მიბმულ ფონდებს შორის მეორე პოზიციას BlackRock-ის iShares Core S&P 500 ETF იკავებს, რომლის საკომისიო Vanguard-ის იდენტურია, ხოლო მართვაში არსებული აქტივების მოცულობა $860 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის, VOO-მ მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის სტატუსი State Street-ის ფონდს დაახლოებით 18 თვის წინ ჩამოართვა.
VOO-ს ის ინვესტორები ყიდულობენ, რომელთაც S&P 500 ინდექსში სურთ თანხის დაბანდება.




























