მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვქმნით აპლიკაციას, რომელიც გეტყვით, რომელ პროდუქტზე, როდის და სადაა ყველაზე დაბალი ფასი“ – „ზოგვა“

63a1b59c88046
თინათინ ნატმელაძე
24.12.22 15:30
3018
რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე სერვისი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს რითეილ ქსელებში პროდუქტის საფასურის შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგორც „ზოგვა“-ს დამფუძნებელი ივანე გიგოშვილი BMG-სთან საუბრისას აცხადებს, იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, შემდეგ დამუშავდა და 8 თვის წინ Facebook Page-ის სახით სატესტო რეჟიმში ჩაეშვა.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აპლიკაციის ამოქმედებაც იგეგმება, რომელსაც ორი მიმართულება ექნება - პროდუქტის საფასურთან ერთად, პროდუქტის მწარმოებლისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმაციაც გამოქვეყნდება.

„პანდემიის პერიოდში, როდესაც მხოლოდ მაღაზიებთან გვქონდა წვდომა, გამიჩნდა იდეა, რომ გაამართლებდა აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ეტყოდა თუ როდის, რომელ ქსელში და რომელი პროდუქტია ყველაზე იაფი, შესაბამისად კლიენტს ყველა მარკეტში შესვლა, ფასების გადამოწმება და დროის დახარჯვა არ მოუწევდა.

დავამუშავეთ ეს იდეა და დაახლოებით 8 თვის წინ ხალხის აზრის გასაგებად და რეკომენდაციების მისაღებად Facebook Page შევქმენით, ჯერ-ჯერობით ისევ სატესტო რეჟიმში ვართ, რითეილ ქსელებთან ოფიციალური შეთანხმება არ გვაქვს, ამიტომ ინფორმაციას ჩვენი ძალებით ვიძიებთ. მსგავსი სერვისის არსებობა საერთაშორისო ბაზრისთვის უცხო არაა, ბრიტანეთში და ამერიკაში ძალიან აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ქსელების ფასების შედარების ტექნიკას, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საქმიანობა საქართველოშიც დავნერგოთ.

უახლოეს მომავალში აპლიკაციის ჩაშვებას ვგეგმავთ, რომელსაც ორი მიმართულება ექნება - პროდუქტის საფასურის გარდა პროდუქტის წარმომავლობას, ინგრედიენტებსა და შემადგენლობასაც გამოვაქვეყნებთ, ამ ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ კლიენტებს პროდუქტზე სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ.“ - აცხადებს ივანე გიგოშვილი.

„ზოგვა“-ს დამფუძნებელი გვიყვება, რომ ინფორმაციის გამოქვეყნება სურსათის გარდა, ბენზინის საფასურისა და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებაც იგეგმება.

რაც შეეხება გამოწვევებს, გიგოშვილის ცნობით, ყველაზე დიდი სირთულე რითეილ ქსელებთან ურთიერთობა და მათი პარტნიორობაზე დათანხმებაა.

„საკმაოდ რთულია, რომ რითეილ ქსელები დაარწმუნო და ჩათვალონ, რომ მათთვისაც სასარგებლო იქნება ეს საქმიანობა, თუმცა ამ დროისთვის უკვე რაღაც ეტაპამდე მისული ვართ და აპლიკაციის ჩაშვების შემდეგ ჩვენი შემოსავლის წყაროც რითეილ ქსელების მიერ მარკეტინგული აქტივობების დასპონსორება იქნება, ხოლო აპლიკაციის მოხმარება კლიენტებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.“

„ზოგვა“ ამ ეტაპზე აპლიკაციისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის პროცესშია, მისი დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე 120 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია სჭირდებათ, რისთვისაც საგრანტო კონკურსებში მონაწილეობასაც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები