მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს - "გთხოვთ, გაიწვიეთ რუსული კანონი, რათა შუაზე არ გახლიჩოს საქართველო".
"ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ძალიან მინდა, რომ ის იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, ბრწყინვალე, მოძებნოს თავისი პატარა ნიშა მსოფლიოს თანამეგობრობაში. ამ მიზნისთვის ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ.
ძალიან მინდა, ვთხოვო ჩვენ პარლამენტს, რომელმაც დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელსაც ამდენი ხალხი ვეწინააღმდეგებით. გაიწვიეთ კანონი, არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელახალ გახლეჩას ადგილი. გულწრფელად ვთხოვ ივანიშვილს, გაიწვიეთ ეს კანონი, რათა ამ კანონმა შუაზე არ გახლიჩოს საქართველო,"- თქვა ხელოვანმა.
საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, რომელსაც 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.
სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრის მომენტში დარბაზი დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. საკითხის განხილვა მესამე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.