საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ რუმინელ კოლეგებს სთხოვეს ევროპულ დონეზე დააყენონ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსადმი ევროკავშირის მხრიდან სამართლიანი და ობიექტური მიდგომის საკითხი.
პარლამენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან მახაშვილი ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრები ასევე გაიმართა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი კოტეცთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ადელინა დობრასთან და კომიტეტების წევრებთან.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე.
„ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს ამ მიმართულებით. იმ წუხილზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, ასევე, იმ წუხილზე, რომელიც ევროკავშირს აქვს. განვიხილეთ ის გზები და დიალოგის ფორმატები, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ ეს პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ ჩარჩოს. აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ არის სამართლიანი და ობიექტური მიდგომა საქართველოსთან მიმართებით. ვთხოვეთ რუმინელ კოლეგებს, რომ ეს საკითხი საერთო ევროპულ დონეზე დააყენონ.
საუბარი ასევე გვქონდა ნატო-ში ინტეგრაციაზე. რუმინეთი ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია საქართველოს ნატო-ში წევრობის. მაგრამ როგორც ხედავთ, ნატო-ში წევრობის საკითხი ამ მომენტში დღის წესრიგში არ დგას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ვისმენთ, რომ უკრაინა აღარ განიხილება ნატო-ს წევრად. ამ მიმართებაში გვინდოდა, რომ რუმინეთის მხარისთვის გვეთხოვა - ამ საკითხსაც ნათელი მოეფინოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის წევრებმა რუმინელ კოლეგებთან ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და სტრატეგიული პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე შეთანხმდნენ. ასევე განიხილეს ეკონომიკური პროექტები და აღნიშნეს, რომ მალე თბილისში ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შეხვედრა გაიმართება.
რუმინეთის სენატში გამართულ შეხვედრებზე საუბრის თემას წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება.
„შეხვედრებზე ვისაუბრეთ ოკუპაციაზე. რუმინელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებზე და მადლობა გადავუხადეთ რუმინეთს ე.წ. არჩევნების დაგმობის და ზოგადად, მთელი ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ოკუპაციის დაგმობისთვის. ხაზი გავუსვით, რომ სამწუხაროდ, ყველა ევროპული ქვეყანა ასე არ იქცევა და რუმინეთი ამ მხრივ სამაგალითოა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.