ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების საერთაშორისო გაერთიანება Centrist Democtartic International 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იმ დარღვევებზეა საუბარი, რომლებიც ორგანიზაციამ თავისივე სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოავლინა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული რუსული კანონი და ცვლილება "საარჩევნო კოდექსში" ის მექანიზმები იყო, რომლებითაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების დღეს თავისი გამარჯვება უზრუნველყო.
"CDI ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საარჩევნო პროცესის გამო, რომელიც საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის მორიგი დემონსტრირებაა. დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, როგორიცაა ეუთო/ოდირი, ანგარიშები ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს, რაც უფლებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ არჩევნები არ აკმაყოფილებდა თავისუფლებისა და სამართლიანობის სტანდარტებს.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულმა "უცხოელი აგენტების" კანონმა დაშინება და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა გამოიწვია, რასაც საერთაშორისო საზოგადოებისგან აუცილებელი ნაბიჯები მოჰყვა. აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ მთავრობის წევრების დასანქცირება და ევროკავშირის გადაწყვეტილება გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, ნათელი გზავნილები იყო ამ და მმართველი პარტიის ყველა სხვა პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ქვეყნის დემოკრატიას წინასაარჩევნო პერიოდში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყნის "საარჩევნო კოდექსში" შეტანილმა ცვლილებებმა, რამაც შეცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურა და შეასუსტა მისი დამოუკიდებლობა, თავისი როლი ითამაშა არათანაბარი საარჩევნო ველის ჩამოყალიბებაში და 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების დამაჯერებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამასთან, ცნობები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა უკანონო დაკავების, მოქალაქეებისთვის პერსონალური საიდენტიფიციკაციო დოკუმენტების ჩამორთმევის, მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნისა და მოსყიდვის შესახებ გვაჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის სხვადასხვა მექანიზმი უშუალოდ საარჩევნო დღემდე გამოიყენა, რათა თავიდან აერიდებინათ მმართველი პარტიის დამარცხება.
არაერთი ინციდენტი გახდა დაკვირვების საგანი, რის შესახებაც ცესკოს ეცნობა: პოზიციური პარტიების დამკვირვებლებზე ძალადობა და მათი დაშინება, უკანონო ვიდეოგადაღება საარჩევნო კაბინებში მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩატენვა, ხმის ანონიმურობის დარღვევა... თითოეული ეს დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და გამოსწორებული.
CDI განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას. ვთხოვთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პასუხისმგებლობით იმოქმედონ საქართველოს ევროპულ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.