ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ცდილობს დონორული დაფინანსების მოპოვებას აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავებისთვის, რადგან როგორც უწყებაში ამბობენ, პოლიტიკის შემუშავება საკმაოდ დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს.
საკითხზე განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ეს არის ეკონომიკის სამინისტროში აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება, რომელიც არამხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს, არამედ მის დაქვემდებარებულ ყველა სტრუქტურაში გავრცელდება და ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკა მთლიანად სამინისტროსთვის და მისი სისტემისთვის. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი მათ შორის დაკავშირებულია აღრიცხვის პოლიტიკის არქონასთან, რომელიც მომავალი წლის განმავლობაში შემუშავებული იქნება აღრიცხვის პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია აუდიტის დასკვნაში, უკვე აღმოვფხვრათ და სრულფასოვნად შევასრულოთ.
ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, ასევე ვმუშაობთ რამდენიმე ორგანიზაციასთან, რომ მოვიპოვოთ დონორული დახმარება, რადგანაც მსგავსი ტიპის პოლიტიკის შემუშავება საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, საუბარია ასი ათასობით ლარზე იმ სტანდარტების მიხედვით, რომელიც მორგებული იქნება ეკონომიკის სამინისტროზე. აღნიშნული მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე უკვე ხელშესახები შედეგი გვექნება“, - თქვა ცინცაძემ და დასძინა, რომ სავარაუდოდ, მსოფლიო ბანკთან ერთად დაიწყება ამ საკითხის შემუშავება.
"დონორი უკვე იდენტიფიცირებული გვყავს. როგორც ვვარაუდობთ, მსოფლიო ბანკთან ერთად შევჯერდებით ამ პოლიტიკის შემუშავებაზე და როგორც კი თანხმობა გვექნება დაფინანსებაზე, დავიწყებთ მუშაობას", - თქვა მან.
თავის მხრივ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძის თქმით, რეალურად, ეკონომიკის სამინისტროს ათეულობით სსიპ აქვს და თუ აღრიცხვა დროულად არ მოხდება, პარლამენტი შესაბამის დადგენილებას მიიღებს.
2022 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
„ჩვენი აზრით, უარყოფითი მოსაზრების საფუძვლის აბზაცში აღწერილი საკითხების მნიშვნელობის გამო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად“, - წერია აუდიტის დასკვნაში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს არაერთი რეკომენდაცია მისცა:
- ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების ბალანსზე აღრიცხული მოთხოვნების ინვენტარიზაციას, ურთიერთშედარების აქტების გაფორმებას, დებიტორების რეალობის, დაფარვის ალბათობის, ხანდაზმულობის მიზეზების შესწავლას და დავალიანებების ამოღების პროცესის დაჩქარებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე მნიშვნელოვანია შემუშავდეს სააღრიცხვო პოლიტიკა ხანდაზმული დებიტორული დავალიანებების/ფინანსური აქტივების გაუფასურების საკითხის შეფასებასა და შესაბამისი ინფორმაციის ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენასთან დაკავშირებით.
- ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა უზრუნველყოს მათ საკუთრებაში არსებული ყველა ქონების იდენტიფიცირება, გააკეთოს შესაბამისი შეფასებები და აღრიცხოს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
- ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სამინისტროს აპარატმა განუსაზღვრელი სასიცოცხლო მომსახურების ვადის მქონე არამატერიალურ აქტივებზე ყოველწლიურად ჩაატაროს გაუფასურების ტესტირება სსბასს 31-ის მოთხოვნების შესაბამისად.
- ფინანსური ანგარიშგების სამართლიანად წარდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ იმსჯელონ, რამდენად აკმაყოფილებს სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მუხლში ასახული აქტივები ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს და გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, სსიპ-მა − აწარმოე საქართველოში კომერციული ბანკებიდან მოიპოვოს დეტალური ინფორმაცია, სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტების მიმართ წარმოქმნილი დავალიანებების შესახებ და ინფორმაცია დავალიანებების შესახებ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახოს აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.
- ფინანსური ანგარიშგების სამართლიანად წარდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტომ ხანდაზმული და გაურკვეველი დავალიანებების მართვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენასთან დაკავშირებით შეიმუშაოს სათანადო მიდგომა და სააღრიცხვო პოლიტიკა.
- კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, სამინისტროს აპარატმა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა აღრიცხვის ინსტრუქციით განსაზღვრული ადმინისტრირებადი მუხლების აღრიცხვასთან დაკავშირებით და ამ მუხლებთან დაკავშირებული ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში წარადგინოს აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.
- ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის სისრულისა და სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემიამ საბუღალტრო ჩანაწერების და სტუდენტთა ელექტრონული შიდა რეესტრის მონაცემების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გაატაროს სათანადო ღონისძიებები.
- თანხების არსებითობისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე, 26 მნიშვნელოვანია სააგენტოს მიერ ყოველწლიურად ფასდებოდეს პირგასამტეხლოების დაკისრების და ამოღების შესაძლებლობა. ამასთანავე, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისათვის სამართლიანი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, დაკისრებული პირგასამტეხლოების შესახებ ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში აღირიცხოს აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.