მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროში ელიან, რომ ქვეყანაში FDI-ის "აქტიური შემოდინება" გაგრძელდება

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აქტიურ შემოდინებას ელიან. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, სადაც მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის დაზუსტებულ მონაცემებს აფასებს.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 902 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3%-ით აღემატება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტიციების კუთხით საკმაოდ გამორჩეული იყო 2022 წელი, როცა ქვეყანაში 2.2 მილიარდ აშშ. დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ხაზგასასმელია 2023 წლის მაჩვენებლები.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს გაორმაგებულია სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი, ასევე 15 პროცენტით არის გაზრდილი რეინვესტირების მოცულობა და შემცირებულია სავალო ვალდებულებები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებზე“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნა, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება ციფრებში.

„ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კვალდაკვალ გაგრძელდება ქვეყანაში კერძო ინვესტიციების აქტიური შემოდინება, რაც პოზიტიურად აისახება როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქის შემოსავლების ზრდაზე“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში მინისტრის მოადგილე FDI-ს სამწლიან მოცულობაზე საუბრობს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 5,4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დააზუსტა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომელიც, ბოლო სამ წელში 456 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი მანამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ დაზუსტებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები