ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, 20 ნოემბერს, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიურ კონფერენციას მართავს.
„ჩვენ არ ვჩერდებით, ვმუშაობთ“ - აღნიშნა გადაცემა #რედატ2-ში არაკომერციული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ და განაცხადა: „ვცდილობთ, შუა დერეფანში საქართველოს ევროპული კარიბჭის ფუნქცია ბოლომდე არ მოკვდეს“.
EUGBC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 20 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებას სტუმრები ცენტრალური აზიის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დაესწრებიან. ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ საქართველოს დე ფაქტო შეჩერებული ევროინტეგრაციის მიუხედავად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „საქართველოს გარეშე რეგიონი ევროპულ განვითარებას მოკლებული იქნება“.
„გადავწყვიტეთ, 20 ნოემბერს ჩავატაროთ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინიციირებული შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია, სადაც თანამშრომლობის ფორმატში სტუმრები გვყავს უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ასევე ბიზნესკომპანიები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან. არაერთი ელჩი დაესწრება ამ შეხვედრას. ვცდილობთ, შუა დერეფანში საქართველოს ევროპული კარიბჭის ფუნქცია ბოლომდე არ მოკვდეს. ამ კუთხით, ინვესტორთა საბჭოს ფორმატში ვთანამშრომლობდით, რომ შავი ზღვის პლატფორმას უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა და სტრუქტურად გვექცია, მაგრამ ახლა ძალიან გაჭირდა ამის გაკეთება...
მიუხედავად ამისა, ღონისძიებაზე უცხოელი პარტნიორები ჩამოდიან და ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს გარეშე რეგიონი, ევროპულ განვითარებას მოკლებული იქნება. იმიტომ, რომ რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს სომხეთს და აზერბაიჯანს, ევროპულ კონტაქტებთან მიმართებით მიზნების მიღწევა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ, ჩვენ არ ვჩერდებით, ვმუშაობთ... სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
#რედაქტ2-ის კითხვაზე - როგორ ახერხებს არაკომერციული ორგანიზაცია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გრანტების კანონითა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა შემზღუდავი კანონების მიღების პირობებში ოპერირებას, ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ გაერთიანება გრანტებს არ იღებს.
„ჩვენ გრანტებს არ ვიღებთ. ადგილობრივი, ჩვენი რესურსებით ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი, ვთქვათ, დონაცია, რომელიც შეიძლება იყოს უცხოური კომპანიისგან ან ორგანიზაციისგან, შეიძლება სალაპარაკო გახდეს. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, BP-ის მიერ შეიქმნა, ეს იყო ყველაზე დიდი ინვესტორი, რომელმაც რეგიონში $2 მილიარდზე მეტი ჩადო და თუ დღეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი არსებობს, ეს სწორედ BP-ის დამსახურებაა. ეს იყო BP-ის შვილობილი ორგანიზაცია, რომელმაც ფაქტობრივად შეძლო ასზე მეტი კომპანია გაეერთიანებინა და მუდმივი კავშირი ჰქონოდა ბრიუსელთან. ჩვენ იმასაც ვგეგმავთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ბრიუსელში მრგვალი მაგიდის ფორმატის ღონისძიება მოვაწყოთ, სადაც კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ, რომ არ ვჩერდებით და არ გავჩერდებით. ევროპულ გზას ასე მარტივად ვერ გავცვლით“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.




























