მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვწუხვარ, რომ EU-ს დიდმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს სანქციების მიღება, ეს დიდი შეცდომა იყო - იუკნევიჩიენე

რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომლის მიერ საქართველოზე მომზადებული ანგარიში დღეს, 25 თებერვალს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განიხილებოდა, მძიმე შეცდომას უწოდებს, რომ ევროკავშირის წევრი დიდი სახელმწიფოების მხრიდან "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციები არ დაწესდა.

"[ევროკომისიის] 2025 წლის ანგარიში აღწერილია, როგორც ყველაზე ცუდი ანგარიში, რაც ოდესმე მომზადებულა კანდიდატ ქვეყანაზე გაფართოების ისტორიაში. ევროპული საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის დასკვნების თანახმად, ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა.

ჩვენს ანგარიშში, ამ განგებ გავამახვილეთ ყურადღება უფრო მეტად ახალ მოვლენებზე და თავი ავარიდეთ იმის გამეორებას, რაც უკვე ნათქვამი იყო წინა ანგარიშებში.

ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეაბრუნა საქართველოს ევროპული გზა. რეგრესი დაფიქსირდა ცხრავე პრიორიტეტზე, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მიღების პირობას წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამტკიცებენ, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება სტრატეგიულ მიზნად, მაღალი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია აწარმოებენ სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას, რომელიც აგებულია დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ თეორიებზე.

ანგარიში ხაზს უსვამს მიზნობრივი სანქციების მნიშვნელობას მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ჩათვლით.

არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანმა მხარი დაუჭირა ამ პრორუსულ მთავრობას, მაგრამ ღრმად ვწუხვარ, რომ უფრო დიდმა წევრმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს სანქციების უფრო ადრე მიღება. ეს იყო დიდი შეცდომა. ჩვენც უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულნი. ევროკავშირმა ვერ შეასრულა საკუთარი როლი მაშინ, როცა ეს მნიშვნელოვანი იყო.

ანგარიში გვაფრთხილებს, რომ გაგრძელებული რეპრესიები, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვები საბოლოოდ შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე მივიდეს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები