ძალიან ვწუხვართ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა civil.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა.
მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები უკრაინაში რუსეთის უკანონო ომისა და სისასტიკის გამო, მის საერთაშორისო იზოლაციაზე მიმართულ ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო ძალისხმევას ეწინააღმდეგება.
„მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი დაიწყო, ევროკავშირი თავდაუზოგავად მუშაობს რუსეთის იზოლაციისა და კრემლის მიერ ამ სასტიკი ომის დაფინანსების შესაძლებლობების შესაზღუდად. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი მიიღო, რაც ამ მნიშვნელოვან საკითხში ევროკავშირის ერთიანობას აჩვენებს. ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და, კერძოდ, ისინი, ვინც გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შეუერთდებიან“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.